„ანორთოსისის“ მტკივნეული მარცხი - ქეცბაიას გუნდი საჩემპიონო ოცნებას 10 ქულით დაშორდა #1TVSPORT
„ანორთოსისის“ მტკივნეული მარცხი - ქეცბაიას გუნდი საჩემპიონო ოცნებას 10 ქულით დაშორდა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში „ოლიმპიაკოსთან“ მტკივნეული მარცხი განიცადა და ფაქტობრივად, კვიპროსის ჩემპიონობაზე ოცნებას დაემშვიდობა.

კვიპროსის სუპერლიგის 29-ე ტურში ფამაგუსტას გუნდი „ოლიმპიაკოსს“ ნიქოზიაში ესტუმრა. თემურ ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში ოთხივე ქართველი დააყენა – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

„ანორთოსისი“ დიდი უპირატესობას ფლობდა. ანგარიშის გახსნა უკვე მე-5 წუთზე ოქრიაშვილს შეეძლო, მაგრამ კარის წინ მარტო დარჩენილმა ბურთი მიზანს ააცილა. მასპინძელთა კამერუნელმა თავდამსხმელმა ფაბრის კახმა კი მე-9 წუთზე ფამაგუსტელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა.

ამის შემდეგ „ანორთოსისმა“ იმდენი მომენტი შექმნა, დიდი ანგარიშით უნდა მოეგო. მარტო ქვილითაიას ხუთჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, ოქრიაშვილს მეკარემ ორჯერ ორიოდე მეტრიდან დარტყმული აუღო. მასპინძლებმა კი თავიანთი შანსებით ისარგებლეს. 92-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და განელმა კინგსლი სარფომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ფამაგუსტელთა ორმა კონკურენტმა გასვლაზე მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა – ნიქოზიასომონიამ“ ლიმასოლში აელ-ს 2:1 სძლია და 29 ტურის შემდეგ 63 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. ლიმასოლის „აპოლონმა“ ლარნაკაში აელ-ი 2:0 დაამარცხა და 59 ქულით მეორეზეა. მესამეზე აელ-ია (59), ხოლო „ანორთოსისი“ 53 ქულით ისევ მეოთხე პოზიციაზე დარჩა.

კვიპროსის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად „ანორთოსისის“ დარჩენილ 7 შეხვედრაში ყველა მატჩის მოგება სჭირდება, მაგრამ 10-ქულიანი ჩამორჩენის დაძლევა ძალიან ძნელი წარმოსადგენია.