„ანორთოსისის“ მცველი - საქართველოს ნაკრებთან მარცხით საბერძნეთში ბევრი ადამიანი ბედნიერი იყო #1TVSPORT
„ანორთოსისის“ ფეხბურთელმა და პაოკ-ის ყოფილმა მცველმა, იანის კარგასმა საქართველოს ნაკრებთან საბერძნეთის ეროვნული გუნდის მარცხზე ისაუბრა. ის აღშფოთებულია იმის გამო, რასაც დამარცხებულ გუნდზე და მის მოთამაშეებზე წერენ.
„არის შემთხვევები, როცა გაბრაზდები. ჩვენ, როგორც საზოგადოება, დავმარცხდით. ესაა ჩვენი ყველაზე დიდი წაგება და არა ის, რაც 26 მარტს თბილისში მოხდა. ბიჭებს პენალტებში რომ მოეგოთ, შეაქებდნენ.
ვფიქრობ, ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი გუნდის გავარდნით ბედნიერი უფრო იყო, ნაცვლად იმისა, რომ ფეხბურთელებს ამ რთულ პერიოდში გვერდში დადგომოდა. ეს ჩემთვის უსიამოვნო აღმოჩენა გახდა. ყველაფერი კი საზოგადოებიდან იწყება, რადგან ფეხბურთი მისი ანარეკლია.
ბაკასეტასი ან იაკუმაკისი რა დონის მოთამაშეებიც იყვნენ, ახლაც იგივე დონეზე არიან. მათი კარიერა პენალტის გაფუჭების გამო არ დაზარალდება, მაგრამ სირცხვილია, როდესაც ამ ბიჭებს ფსიქოლოგიურ წნეხში აქცევენ და სოციალურ ქსელებში აკრიტიკებენ. მსგავსი რამ თავადაც გავიარე და ვიცი, ეს რა მტკივნეულია.
ის, რაც მაგიჟებს, ჩვენი მენტალიტეტია. ყველა ტირის, რომ საქართველოსთან როგორ წავაგეთო. ჩვენ როცა ევროპის ჩემპიონები გავხდით, პორტუგალია, საფრანგეთი და სხვებს, ვინც ჩვენთან დამარცხდა, ასე არ მოქცეულა. ეს ქვეყნები წარმატებულები არიან, ჩვენ კი ბევრ რამეს ადვილად ვივიწყებთ“, – განაცხადა იანის კარგასმა გადაცემა „სუპერლიგის ხმაზე“.