„ანორთოსისი“ თასის მეოთხედფინალშია - ქეცბაიას მოგება ჩემპიონატშიც სურს #1TVSPORT
„ანორთოსისი“ თასის მეოთხედფინალშია - ქეცბაიას მოგება ჩემპიონატშიც სურს #1TVSPORT

კვიპროსის თასის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „პაფოსი“ მიიღო და ვერ დაამარცხა (0:0). თუმცა ეს შედეგი სრულიად საკმარისი გამოდგა საიმისოდ, რომ ფამაგუსტას გუნდი 1/4-ფინალში გასულიყო. ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილებმა პირველი შეხვედრა გასვლაზე 3:1 მოიგეს და ორი შეხვედრის ჯამში, თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

თემურ ქეცბაიამ „პაფოსთან“ სათასო მატჩზე ისაუბრა და 6 თებერვალს ამავე გუნდთან ჩემპიონატის შეხვედრაც ახსენა, რომლის მოგებაც საჩემპიონო ბრძოლაში მოსახვედრად გუნდს აუცილებლად სჭირდება.

„მოსალოცია, რომ გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა. ძალიან კარგ მეტოქესთან ვითამაშეთ, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ მიზანს მივაღწიეთ. ორ დღეში ჩვენ ერთმანეთს უკვე ჩემპიონატში შეხვდებით და ძალიან რთული თამაში გველის, რადგან საჩემპიონო ბრძოლისთვის ახლა ყველა მოგებას დიდი ფასი აქვს“, – განაცხადა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის თასის 1/8-ფინალშია „აპოელიც“, სადაც სამი ქართველი თამაშობს. ნიქოზიელებმა „ოლიმპიაკოსი“ ორი მატჩის ჯამში 6:1 (2:1, 4:0) დაამარცხეს, გიორგი ქვილითაიამ ორივე შეხვედრაში გაიტანა.