„ანორთოსისი“ საფრთხის წინაშეა - ქეცბაიას გუნდმა ლიდერთან უპირატესობა ვერ შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის პირველი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფში მე-7 ტურის შეხვედრა ლიდერთან გამართა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
ფამაგუსტელების მეტოქე ლიმასოლის „აპოლონი“ იყო, რომელიც გათამაშების ლიდერია. „ანორთოსისში“ შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, ხოლო „აპოლონის“ ფორმით მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა რეზი ინჯგია.
ფამაგუსტელებმა საშინაო შეხვედრა კარგად დაიწყეს და ლაზაროს ქრისტოდულოპულოსის გოლით 44-ე წუთზე დაწინაურდნენ. 61-ე წუთზე ლორიამ გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა. 87-ე წუთზე გატანა ინჯგიასაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა, თუმცა „აპოლონმა“ ანგარიში მაინც გაათანაბრა – ბოლო წუთზე ბაგალი დაბოს გოლით და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ეს არც ერთ გუნდს არ აწყობდა – არის ალბათობა, რომ „ანორთოსისი“ ევროთასების მიღმა დარჩეს. ფაქტია, რომ გუნდის გულშემატკივრები შედეგით უკმაყოფილონი დარჩნენ.