„გადაწყვეტილება მიღებულია – გიორგი ქვილითაია თემურ ქეცბაიას არჩევანია და „ანორთოსისის“ შეტევაში პოლონეთში წასულ ნიკა კაჭარავას შეცვლის,“ – ინფორმაციას გამოცემა Goal.com.cy ავრცელებს.
ცნობილი გახდა, რომ ფამაგუსტას გუნდი ბელგიურ „გენტს“ 27 წლის ქართველი თავდამსხმელის იჯარაზე შეუთანხმდა და გიორგი „ანორთოსისში“ ერთი წელი ითამაშებს.
„27 წლის თავდამსხმელი მზად არის თამაშისთვის, რადგან გასულ სამშაბათს ის იყო თავისი ქვეყნის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მატჩში. მას კარგად იცნობს „ანორთოსისის“ სამწვრთნელო შტაბი. ახალ სეზონში მას ბელგიურ გუნდში საერთოდ არ უთამაშია, თუმცა „გენტმა“ 5 მატჩი უკვე ჩაატარა. გასულ სეზონში მან 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სასტარტოში მხოლოდ რვაჯერ და ერთი გოლი გაიტანა,“ – წერს გამოცემა.
Goal.com.cy ამტკიცებს, რომ ქეცბაიას საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის აყვანა დიდი ხნის წინაც სურდა:
„ქვილითაი „ანორთოსისთვის“ უცნობი მოთამაშე არაა. გასული პარასკევიდან, როდესაც კაჭარავას პოლონეთში გადასვლის შესახებ გახდა ცნობილი, Goal.com.cy- მ აღნიშნა, რომ ქვილითაიას გვარი დიდი ხანია, თემურ ქეცბაიას სიაში ფიგურირებდა”.
კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ქვილითაიას კვიპროსზე ორშაბათს (14 სექტემბერს) ან სამშაბათს (15 სექტემბერს) ელიან.