„ანორთოსისი“ „ომონიასთან“ ტურის ცენტრალურ მატჩში დამარცხდა - ანანიძის დებიუტი გადაიდო (ვიდეო)

„ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში უშუალო კონკურენტ „ომონიას“ ნიქოზიაში ესტუმრა და 0:1 დამარცხდა, რის შემდეგაც ჩემპიონატში საჩემპიონო ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბული გახდა.

გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა „ანორთოსისში“ შეუცვლელად ითამაშეს. მოედანზე 59-ე წუთზე ნიკა კაჭარავაც გამოჩნდა, რომელმაც ერთადერთი გოლის ავტორი, მიხალ დურიში შეცვალა. სლოვაკეთის ნაკრების თავდამსხმელს კარი აშკარად აერია, როდესაც „ომონიამ“ კუთხური შეასრულა და საკუთარ კარში იმდენად ეფექტური გოლი გაიტანა, შესაძლოა, ტურის გოლის ავტორი გახდეს.

თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმის გამო რეაბილიტაციას გადის და სამატჩო განაცხადში არ ყოფილა. რაც შეეხება „ანორთოსისში“ ახლადჩარიცხულ ჯანო ანანიძეს, მასზე მატჩის შემდეგ ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ილაპარაკა.

„ველოდებით, რომ ჯანო მალე აჩვენებს, რაც შეუძლია და იცის. ჯერ კი სათამაშოდ მზად არაა. იმედი მაქვს, რომ როგორც კი ის ფორმას აღიდგენს, მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება“ – ამბობს თემურ ქეცბაია.

ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე „ანორთოსისის“ დამარცხების მიზეზებზეც ილაპარაკა: „ბევრად უკეთ უნდა გვეთამაშა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა ის, რაც დერბის მოსაგებად გვჭირდებოდა. კვიპროსის ჩემპიონატში ძალიან საინტერესო ვითარებაა. ბრძოლა ბოლომდე იქნება. ჩვენ ვერ გამოვავლინეთ ის ბრძოლისუნარიანობა, რაც სახლში გვახასიათებს. ეს პირველად არ ხდება და ჩვენი პრობლემაა“.

წაგების მიუხედავად, 17 ტურის შემდეგ, „ანორთოსისს“ 36 ქულა აქვს და პირველ ადგილს ინარჩუნებს. „ომონიამ“ კი გათამაშებას ერთპიროვნულ ლიდერთან სხვაობა ქულამდე შეამცირა. თუმცა, თემურ ქეცბაიას გუნდმა ერთით ნაკლები თამაში ჩაატარა.

დატოვე კომენტარი