„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-16 ტური ანგისას სტადიონზე დასრულდა, სადაც ბათუმის „დინამომ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ერთი საათით ადრე სტადიონის ტრიბუნაზე თავისუფალი ადგილები აღარ დარჩა და არენის გარშემო პერიმეტრი ისევ შეივსო.
ბათუმის „დინამომ“ თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ანგარიში მხოლოდ 39-ე წუთზე, ლადო მამუჩაშვილის გოლით გახსნა, რომელმაც 77-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მამუჩაშვილის გარდა, გამარჯვებულებიდან თავი გამოიჩინეს გაბრიელ რამოსმა (62-ე წუთზე პენალტით), ბენჟამინ ტეიდიმ (66-ე წუთზე) და ნიკოლოზ საბანაძემ (90+3 წუთზე). ბოლნისელებისგან ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს მცველ რომან ჩაჩუას (84-ე წუთი) ანგარიშზეა.
16 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში ისევ ორი ლიდერია: „საბურთალომ“ და ბათუმის „დინამომ“ 34-34 ქულა დააგროვეს, „სიონი“ 21 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა.