დღეს, ნიქოზიაში (კვიპროსი) სომხეთი ერთა ლიგის B დივიზიონში გასასვლელ გადამწყვეტ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას მიიღებს. ეს გუნდები C ლიგის ჯგუფში ჩვენი მეტოქეები არიან და ბალკანელებს ერთი ქულაც ჰყოფნით პირველი ადგილის დასაკავებლად.
ჩრდილომაკედონიის ეროვნული საფეხბურთო გუნდი ძალიან დაზარალდა ტრავმების, დისკვალიფიკაციის, ძირითადი მოთამაშეების დაინფიცირების გამო. გუნდს დააკლდებიან გორან პანდევი, სტოლე დიმიტრიევსკი, ენის ბარდი, არიან არდემი, ეზგიან ალიოსკი, ელიდე ელმასი, ბობან ნიკოლოვი და სტეფან სპიროვსკი. მაგრამ მიუხედავად ყველა პრობლემისა, მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი აცხადებს, რომ ის მხოლოდ ქულის მოსაპოვებლად არ ითამაშებს.
„მე არ ვარ ისეთი მწვრთნელი, რომელიც ფრეზე ფიქრობს. შეიძლება ეს ნაკლია. წუწუნიც არ მიყვარს, რადგან შემადგენლობაში დანაკლისი ადრეც გვქონდა და არ ვწუწუნებდით. ვფიქრობ, ჩვენ საკმარისი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს, რომლებმაც უნდა დაამტკიცონ და აჩვენონ, რატომ არიან ნაკრებში. მოგება B დივიზიამდე მიგვიყვანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიზანი არის პირველი ადგილი და ამ ციკლის გამარჯვებით დასრულება. ჩვენ ყოველთვის ვემზადებით მატჩის მოსაგებად”, – თქვა ანგელოვსკიმ.
ბალკანელთა მწვრთნელი არაფერს შეცვლის დაცვაში, რომელსაც დარკო ველკოვსკი ხელმძღვანელობს, ხოლო ნახევარდაცვაში ცვლილებები იქნება.
„ჩვენ დაცვაში ექსპერიმენტებს არ ჩავატარებთ, ის დარკო ველკოვსკის ხელმძღვანელობით შესანიშნავად მუშაობს. ნახევარდაცვაში კი საკმარისი ფეხბურთელები გვყავს. სომხეთი არის გუნდი, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ და მათ კარგი შედეგები აქვთ. ამ მატჩში ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული, თუ ჩვენს თამაშს ვუკარნახებთ, პრობლემები არ შეგვექმნება“, – თქვა ანგელოვსკიმ.