ანდრეი დემჩენკო - მწირი რესურსის მიუხედავად, კარგი ლეგიონერები „დილაში“ დავიმატეთ და ბათუმის „დინამოშიც“ ამავეს ვაპირებთ #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ დამრიგებელმა, 2023 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გუნდში მიმდინარე საკადრო სიახლეებზე ისაუბრა.
„ბათუმის „დინამო“ ბევრ მოთამაშეს შეელია და ფაქტობრივად განახლებული შემადგენლობა გვეყოლება. ჯერ დაკომპლექტების პროცესში ვართ და მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე დავიმატეთ. მიზანი კონკურენციის გაზრდაა.
ბევრი მოთამაშე მიდის უცხოეთში, რადგან უფრო მიმზიდველ კონტრაქტებს სთავაზობენ, მაგრამ აქ ნიჭიერი მოთამაშეები არიან და საინტერესო ლეგიონერების ჩამოყვანაც შეიძლება. მწირი რესურსის მიუხედავად, საინტერესო უცხოელი ფეხბურთელების დამატება „დილაში“ შევძელით და ამას ბათუმშიც მოვახერხებთ.
ბათუმის „დინამოში“ ზუსტად იმ ფეხბურთის გამო მომიწვიეს, რომელსაც ჩემი ხელმძღვანელობით გორის „დილა“ თამაშობდა და ყველას მოსწონდა. ასე რომ, არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. მომწონს, როდესაც გუნდი პირველ ნომერია და აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს აჩვენებს.
რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ბათუმის „დინამოს“ რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა შეუძლია. ფეხბურთს ადამიანები თამაშობენ და არა ფული და და სახელები. მთავარია, არავისი გეშინოდეს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე „დილაში“ ბევრს ვმუშაობდი და ბათუმის „დინამოშიც“ ამავეს ვაპირებ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ანდრეი დემჩენკომ.