ანდრეი კირილენკო - მძიმე ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ დღეს ვერაფერს შევცვლით #1TVSPORT
ანდრეი კირილენკო - მძიმე ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ დღეს ვერაფერს შევცვლით #1TVSPORT

საქართველო, ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი – ეს გუნდები 2022 წლის სექტემბერში ევრობასკეტის A ჯგუფში სათამაშოდ თბილისში შეიკრიბებიან.

ისევე როგორც ქართულმა მხარემ, ჩვენმა მოწინააღმდგეებმაც შეაფასეს წილისყრის შედეგები. რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი კირილენკო ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა:

„მძიმე ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ რას ვიზამთ. თუ გვსურს წინსვლა და მომდევნო ეტაპზე თამაში, ევრობასკეტისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ.

პანდემიის გამო ევრობასკეტი 2021 წლის ნაცვლად 2022-ში გაიმართება. ამიტომ, ჯერ გუნდების შემადგენლობებსა და შანსებზე ლაპარაკი ნაადრევია. მთავარია, წელიწადნახევრის შემდეგ მსოფლიოში ეპიდმდგომარეობა გამოსწორდეს და გულშემატკივარს დარბაზში შესვლის შესაძლებლობა მიეცეს.“

რუსეთის ნაკრებს სერგეი ბაზარევიჩი წვრთნის, რომლის გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელიც ამ ზაფხულს გაიმართება. 

„ევრობასკეტზე წელიწადნახევრით ადრე ლაპარაკი ნაადრევია. ზოგადად კი შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი არ ხვდება. მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ყოველ მატჩში ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რომელი გუნდი როგორ შემადგენლობას შეკრებს.

ფავორიტად ესპანეთი მიმაჩნია, თუმცა ამ გუნდში თაობათა ცვლის პროცესია, 2022 წლისთვის ნაკრებში ბევრი ლეგენდარული კალათბურთელი აღარ იქნება. რა სახეს მიიღებს ესპანეთი მომდევნო წლისთვის, 2022-ში გავიგებთ.“