ანდრეი კანჩელსკისი - კვარაცხელიას „ევერტონში“ გადასვლა შესაძლებელია #1TVSPORT
„ევერტონის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი კანჩელსკისმა ყაზანის „რუბინიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ჟურნალისტმა, პიტ ორურკმა Twitter-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა თავდამსხმელმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს და საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელით „ევერტონი“, „ვესტ ჰემი“ და „საუთჰემპტონი“ დაინტერესდნენ.
„ინგლისში თამაში არც ისე ადვილია, ეს რუსეთი არაა, მაგრამ ხვიჩას „ევერტონში“ გადასვლა შესაძლებელია, რადგან იქ ჩვენი თანამემამულეები მუშაობენ. ყველაფერი კვარაცხელიაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად ისწავლის ენას, გადაეწყობა და პრემიერ ლიგას სწრაფად თუ შეეგუება. „საუთჰემპტონსაც“ საკმაოდ კომპეტენტური სელექცია აქვს, ამ კლუბს ფეხბურთელის გაყიდვა და ფულის გამომუშავება შეუძლია“, – ციტირებს კანჩელსკისს RB Sport.
ამავე დროს, „მანჩესტერის“ და „ევერტონის“ ყოფილმა შემტევმა არ დამალა, რომ რუსეთისდან მოთამაშეების გაყიდვის პრობლემა არსებობს.
„კოკორინის ტრანსფერის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგის მოთამაშეებს ყურადღებას აღარ აქცევენ. რაც შეეხება იმას, რატომ აჩვენა ხვიჩამ სეზონის პირველ ნაწილში უფერული ფეხბურთი – ჩემი აზრით, ის გუნდზე დამოკიდებული ფეხბურთელია. „რუბინმა“ კი ეს პერიოდი ცუდად ითამაშა“, – ამტკიცებს კანჩელსკისი.
კვარაცხელიასა და რუბინს შორის მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.