ანდრეი დემჩენკო - ვისაც არ აქვს გამძლეობა, ის ფეხბურთში ვერაფერს მიაღწევს #1TVSPORT
ანდრეი დემჩენკომ ღიად ილაპარაკა იმ მიზეზებზე, რის გამოც ეროვნული ლიგის 31-ე ტურში გორის „დილას“ წყალტუბოს „სამგურალთან“ გამარჯვება გაუჭირდა. გორელთა მთავარმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ მჭიდრო კალენდარმა მოთამაშეები გადაღალა.
„რთული თამაში მოვიგეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან, რომელიც დაცვაში დისციპლინირებულად თამაშობს და კონტრშეტევებზე კარგად გადმოდის. ამას მოველოდით კიდეც. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის „ლოკომოტივთან“ დიდი ძალები დაიხარჯა და ამიტომაც პირველი ტაიმი სუსტად ჩავატარეთ. გამოჩნდა, რომ ძირითადის ფეხბურთელები, რომლებიც ცენტრში თამაშობდნენ დაიღალნენ“, – ამბობს ანდრეი დემჩენკო.
უკრაინელი სპეციალისტის აზრით, გუნდმა მეტოქეს ხასიათის და გამძლეობის ხარჯზე აჯობა.
„კარგად შემოვიდნენ სათადარიგო ფეხბურთელები, გააძლიერეს შეტევა და ორი გოლის გატანა მოვახერხეთ. თითოეულმა ფეხბურთელმა მებრძოლი ხასიათი და გამძლეობა გამოავლინა. საერთოდ, თანამედროვე ფეხბურთში ვისაც არ აქვს გამძლეობა, ის წარმატებას ვერ მიაღწევს“.
„დილამ“ ბოლო ტურში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, 53 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, მესამე ადგილზე დაწინაურდა. გუნდი მორიგ მატჩს „ტორპედოსთან“ 31 ოქტომბერს ქუთაისში გამართავს.