გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა, ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ გამოცემა „ტრიბუნას“ უამბო, თუ ქართულ კლუბში მუშაობის ვარიანტი როგორ გამოუჩნდა.
„ყველაფერი მარტივად და უბრალოდ მოხდა. ფეხბურთელები, რომლებიც ადრე ერთად ვთამაშობდით, კონტაქტს ვინარჩუნებთ. მე ირაკლი მოდებაძე დამიკავშირდა, რომელთანაც ერთადაც ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გამოვდიოდი. იგი „დილაში“ ერთ-ერთ ხელმძღვანელია და მთხოვა, ჩემი მონაცემები გამომეგზავნა. ჩამომეყალიბებინა ის ფილოსოფია და სტრატეგია, რაც შემეძლო ქართული კლუბისთვის შემეთავაზებინა. შემდეგ განვიხილეთ ხელშეკრულების დეტალები და ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ“, – განაცახდა ანდრეი დემჩენკომ „ტრიბუნასთან“.
უკრაინელმა სპეციალისტმა გამოცემასთან სამუშაო გეგმებსა და „დილას“ მიზნებზე ილაპარაკა: „საქართველოში მუშაობას 10 იანვარს დავიწყებ. გუნდი შვებულებიდან გამოვა და პირველი შეკრება გორში ჩატარდება, შემდეგ კი თურქეთში გავემგზავრებით. ახალ სეზონში ჩვენ დავისახეთ ამოცანა, ევროსარბიელზე კიდევ ერთხელ გავიდეთ და კონკურენცია გავუწიოთ ჩემპიონატის ლიდერებს, რომლებსაც უფრო სოლიდური ფინანსური რესურსები გააჩნიათ“.
„დილა“ 2020 წელს საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. დემჩენკო ადრე ხელმძღვანელობდა უზბეკურ „ობოდს“, ასევე უკრაინილ „ლვოვს“, „მეტალისტს -1925“-ს, ხოლო ოქტომბრიდან „ბუკოვინას“ სპორტული დირექტორი იყო.