ანდრეი დემჩენკო - გორის „დილას“ ფეხბურთელს დაბალ ფასად არავინ გაყიდის #1TVSPORT
კონფერენს ლიგაზე პოლტავის „ვორსკლასთან“ 3:1 გამარჯვების შემდეგ, გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ „უკრაფუტბოლთან“ ინტერვიუში კლუბის სატრანსფერო გეგმებსა და სატურნირო მიზნებზე ისაუბრა.
„დილასთვის“ ორი ეტაპის გავლა წარმატებაა, რადგან წინა ორ სეზონში პირველ რაუნდშიც ვერ გავედით. გორში თამაშს ვაკონტროლებდით და „ვორსკლას“ არაფრის გაკეთების საშუალება მივეცით. პირველი მატჩიდან გამომდინარე, შეცდომები გამოვასწორეთ და ტაქტიკა შევცვალეთ, ეს დაგვეხმარა.
სპორტში პროგნოზი უმადური საქმეა. სლოვაკური „დუნაისკა“ ტრანსლაციაზეც კი შეუთანხმდა „ვორსკლას“, რადგან ეგონათ, ადვილად დაგვამარცხებდნენ. მეტოქეს ყოველთვის პატივს ვცემთ, ამოცანას თამაშიდან თამაშამდე ვსახავთ და ყოველ მომდევნო შეხვედრაში გამარჯვებას ვცდილობთ.
რაც შეეხება მიზანს საქართველოს ჩემპიონატში, აქაც იმავეს ვიტყვი. ყველა შეხვედრის მოგებაზე ვფიქრობთ. მთავარია, მომავლისთვის ვმუშაობთ. ევროთასები კარგი შესაძლებლობაა, ჩვენი მოთამაშეები გამოვაჩინოთ. ამიტომ, ჩემპიონატში ამოცანა კვლავ ევროთასების საგზურის მოპოვებაა. საჩემპიონო ბრძოლისთვის „გრძელი სკამის“ ქონაა აუცილებელი, ჯერ კი ამით ვერ დავიკვეხნით, 15-16 ფეხბურთელი გვყავს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია თამაში, მაგრამ გვესმის, რომ ბათუმისა და თბილისის „დინამოებს“, „საბურთალოსა“ და „ტორპედოს“ 22-23 თანაბარი დონის მოთამაშე ჰყავთ.
კარგი შეთავაზებების არსებობის შემთხვევაში, ფეხბურთელებს წასვლაში ხელს არ შევუშლით. ვცდილობთ, ისინი უკეთეს გუნდებში გავუშვათ. შესაბამისი წინადადება კლუბისთვისაც კარგია. ისინი უფრო მაღალი დონის გუნდში წასვლაზე ფიქრობენ, მაგრამ მათ დაბალ ფასად არავინ გაყიდის. თუ სერიოზული შემოთავაზება იქნება, 1-1.5 მილიონი დოლარი, მისაღები იქნება ორივე მხარისთვის“, – ამბობს ანდრეი დემჩენკო.