ანჩელოტის ყოფილი ასისტენტი - კვარაცხელია ძალიან კარგია, მაგრამ „ნაპოლიდან“ „რეალს“ იდეალურად ოსიმენი მოერგება #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ყოფილმა ასისტენტმა, ჯორჯო ჩააკინიმ იტალიურ „რადიო 1“-თან ჩემპიონთა ლიგაზე „რეალი“ – „ნაპოლის“ თამაშამდე ისაუბრა და ანჩელოტის საიდუმლოებები გაამხილა.
„როგორც წესი, „რეალის“ გამოსვლამდე მოედანს რწყავენ, რომ ბურთი უფრო აჩქარდეს და მეტოქეს გაუჭირდეს. თუმცა, საუბარია ორ გუნდზე, ტექნიკურობისა და სისწრაფის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა რომ არ აქვთ.
შეუძლია თუ არა „ნაპოლის“, მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავების დონეზე თამაში? ეს კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელსაც შეუძლია, მიზნად დაისახოს „სკუდეტოს“ მოგება და ევროპაში წარმატებით თამაში. „ნაპოლის“ აქვს ისეთი თვისებები, რომ მადრიდელთა დაცვას შეაწუხოს. თუ ნეაპოელელბი სწრაფად ეთამაშებიან, შეიძლება, „რეალის“ დაცვა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
რომელი ფეხბურთელი მოერგება იდეალურად მადრიდის „რეალს”? რა თქმა უნდა, ოსიმენი, მაგრამ „ნაპოლი“ ეყრდნობა ბევრ სხვა უმაღლესი დონის მოთამაშეს. მე ვსაუბრობ, მაგალითად, კვარაცხელიაზე. ნეაპოლელებს ძალიან პატივსაცემი გუნდი ჰყავთ, მაგრამ თუ ანჩელოტი ფეხბურთელის მოპარვას შეძლებს, ეს ოსიმენი იქნება.
ორივე გუნდი, განსაკუთრებით მადრიდის „რეალი“, შესანიშნავად ახერხებს შეტევაში აჩქარებას. ეს იქნება მატჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, მაგრამ მოულოდნელი ცვლილებებით „ნაპოლის“ შეუძლია, მადრიდელთა დაცვა გაარღვიოს და მიზანს მიაღწიოს“, – ამბობს ანჩელოტის ყოფილი ასისტენტი.