ანანიძის დებიუტი და დაბრუნება - ჯანომ წლისა და ორი თვის შემდეგ პირველად ითამაშა #1TVSPORT
ანანიძის დებიუტი და დაბრუნება - ჯანომ წლისა და ორი თვის შემდეგ პირველად ითამაშა #1TVSPORT

ბათუმის ახალ სტადიონზე ორი „დინამოს“, ბათუმისა და თბილისის გუნდების მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მეორე ტაიმის 64-ე წუთზე მოედანზე ჯანო ანანიძე გამოჩნდა. 

გიორგი ნემსაძე მიხვდა, რომ „დინამო თბილისის“ შეტევებს გამწვავება სჭირდებოდა და მოედანზე 28 წლის გამოცდილი ნახევარმცველი შეუშვა.

ეს ჯანო ანანიძის სადებიუტო შეხვედრა იყო „დინამო თბილისის“ რიგებსა და საქართველოს ჩემპიონატშიც, რადგან კარიერის დაწყების შემდეგ სულ უცხოეთში თამაშობდა.

ჯანო ანანიძეს ბათუმელი გულშემატკივრები „ფსტვენით“ შეხვდნენ, რადგან მას ბათუმის „დინამოში“ ელოდნენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საქართველსო ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე მოედანს დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანს წელიწადის და ორი თვის შემდეგ დაუბრუნდა. ბოლოს ჯანომ 2020 წლის 8 მარტს ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ლარნაკას აეკ-ის წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ 55-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა.

ამის შემდეგ ანანიძემ იმკურნალა და ვოლგოგრადის „როტორში“ ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა და გუნდი ისე დატოვა, ერთი თამაში არ ჩაუტარებია. საბედნიეროდ, ახლა საქართველოს ნაკრების მოთამაშე ჯანმრთელად არის და „ჯვაროსნებში“ დაბრუნებას იმედოვნებს.