ჯანო ანანიძით არა მხოლოდ ბათუმის „დინამო“, არამედ თბილისის „დინამოც“ დაინტერესდა – არსებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს კარიერის საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში გაგრძელება შესთავაზეს.
ორი დღის წინანდელი მონაცემებით, ჯანო ანანიძე ბათუმის „დინამოს“ ელაპარაკა და მას 1,5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს, მაგრამ ბოლოს ვითარება შეიცვალა – როგორც ამტკიცებენ, ეს თბილისელთა შეთავაზების შედეგია. საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ფეხბურთელს თბილისური კლუბის ხელმძღვანელობა დაელაპარაკა.
ასევე ამტკიცებენ, რომ ჯანო ანანიძეს საბერძნეთის კლუბი, ათენის „აეკ“-ი იწვევდა, სადაც მოსკოვის „სპარტაკიდან“კარგად ნაცნობი მწვრთნელი, იტალიელი მასიმო კარერა მუშაობს და ვისი ხელმძღვანელობითაც მოსკოვურ გუნდში ყველაზე მეტი სათამაშო დრო და ნდობა ჰქონდა.