ანანიძემ „როტორიდან“ წასვლაზე ილაპარაკა - შეიძლება ისევ ოპერაცია დამჭირდეს
ჯანო ანანიძემ კომენტარი გააკეთა ვოლგოგრადის საფეხბურთო კლუბ „როტორთან” ხელშეკრულების შეწყვეტაზე. აგვისტოს დასაწყისში დადებული ხელშეკრულება „როტორთან“ 2021 წლის მაისამდე იყო გათვლილი, მაგრამ ერთ თვეში საკუთარი სურვილით გააუქმა, თანაც კლუბს საკომპენსაციოს არ მოსთხოვს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის თქმით, არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება და მან პატიოსნად მოქცევა ამჯობინა. ამიტომ, „როტორთან“ 6 აგვისტოს გაფორმებული კონტრაქტი 12 სექტემბერს ურთიერთშეთანხმებით შეწყვიტა.
„კვიპროსში ასპარეზობის შემდეგ მუხლის პრობლემები მქონდა. პანდემიასთან დაკავშირებულ საკარანტინო პერიოდში რეაბილიტაციის ნორმალურად გავლის საშუალება არ მქონია, თბილისში სრულყოფილად ვერ ვვარჯიშობდი. როდესაც აგენტმა „როტორის“ ვარიანტის შესახებ მითხრა, ჩემი პრობლემა არ დამიმალავს. სამწვრთნელო შტაბთან და მენეჯმენტთან კონსულტაციის შემდეგ, მოსკოვში პირად მწვრთნელთან წავედი, რომელთანაც ინდივიდუალურად ჯერ კიდევ „სპარტაკში“ თამაშის დროს ვმუშაობდი. ეს იმიტომ, რომ ვოლგოგრადში მსგავს პირობებს ვერავინ შემიქმნიდა. გუნდთან შევთანხმდი – თუ აგვისტოს ბოლოს ყველაფერი კარგად იქნებოდა, ჩავიდოდი და საერთო ჯგუფში ვარჯიშს დავიწყებდი. მაგრამ მუხლი მაინც მაწუხებს და შეიძლება ოპერაცია ისევ დამჭრდეს. ამიტომ ხელშეკრულების შეწყვეტა გადავწყვიტე. სამწუხაროა, რომ გუნდს ვერ დავეხმარე,“ – ამბობს ჯანო ანანიძე.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მომხდარს ძალიან განიცდის:
„ძალიან მინდა ფეხბურთის თამაში! საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგაში გამოსვლა შემოდგომაზე უნდა დაეწყო და მჯეროდა, რომ სექტემბრისთვის ფორმაში შესვლა შემეძლო და გამოვადგებოდი როგორც „როტორს“, ისე ეროვნულ გუნდს. ერთი პირობა მქონდა – თუ 100% მზად ვიქნებოდი, მაშინ თამაშს ვცდიდი. თუ არა, მაშინ კლუბისგან არაფერს მოვითხოვდი და კონტრაქტს გავწყვეტდი. სამწუხაროდ, ასეც მოხდა“.