ანანიძე „როტორთან“ კონტრაქტს წყვეტს - ის ვერ მომჯობინდა და სურს, კლუბთან მართალი იყოს
სამწუხარო ამბავია – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ტრავმა დროულად ვერ მოირჩინა და იძულებულია, რომ ახალ კლუბთან, ვოლგოგრადის „როტორთან“ გაფორმებული კონტრაქტი გაწყვიტოს – ინფორმაციას რუსული გამოცემა „ჩემპიონატი“ ავრცელებს.
„უახლოეს მომავალში „როტორის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კლუბთან ხელშეკრულებას გაწყვეტს. ჩვენი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა მიიღო, რადგან ტრავმა მას მოედანზე შესვლის საშუალებას არ აძლევს და სურს, რომ კლუბთან გულწრფელი იყოს,“ – წერს „ჩემპიონატი“.
2020 წლის იანვარში 27 წლის ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკი“ დატოვა, სადაც 2009 წლიდან თამაშობდა და კვიპროსულ „ანორთოსისში“ გადავიდა. კვიპროსის ჩემპიონატში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და ტრავმის გამო გაჩერდა.
ქართველმა ნახევარმცველმა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ ზაფხულში დატოვა და „როტორს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანო ვოლგოგრადში თვეში 1,7 მილიონ რუბლს ანუ დააახლოებით 22,500 დოლარს მიიღებდა, რაც კლუბში ყველაზე მაღალი ანაზღაურება იყო.
ფეხბურთელს „როტორთან“ კონტრაქტი 2021 წლის 20 მაისამდე აკავშირებდა. მაგრამ რუსეთის ჩემპიონატში არათუ გუნდს ვერ დაეხმარა, ჯერ ვოლგოგრადში ჩასვლაც ვერ მოახერხა და გადაწყვეტილებაც მიიღო. ეს პირველი კლუბია, სადაც ანანიძე ირიცხებოდა და წუთიც არ უთამაშია.