რუსეთის პრემიერლიგაში დღეს 21-ე ტური დასრულდა და რამდენიმე ქართველმა ითამაშა. ხაბაროვსკის სკა-მ „ტოსნო“ მიიღო და 0:1 წააგო. გიორგი ნავალოვსკის არ უთამაშია. ასევე სათადარიგოებში დარჩა მისი თანაგუნდელი გიორგი მახათაძე, რომელიც რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. „ტოსნოში“ კი სკამზე იჯდა გიორგი მელქაძე, რომელიც რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველია. 12 ქულით ხაბაროვსკელები ბოლო, მე-16 ადგილზე არიან.
ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა „უფაში“, რომელმაც შინ მოსკოვის „დინამო“ ვერ დაამარცხა – 1:1. უფელთა სათადარიგოებში იყო რუსეთის ქართველი მოქალაქე, მეკარე გიორგი შელია. „უფა“ 28 ქულით მეექვსე ადგილზეა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრას მოსკოვის „ლოკომოტივმა“ უმასპინძლა – რკინიგზელებმა თანაქალაქელი „სპარტაკი“ მიიღეს და 0:0 ითამაშეს. საბა კვირკველია „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ამ მატჩის და ტურის მთავარი მოვლენა ჩვენთვის ჯანო ანანიძის დაბრუნება იყო: საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანს ოთხთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა – ის „სპარტაკში“ 78-ე წუთზე გამოჩნდა. 21 ტურის შემდეგ, კვირკველიას „ლოკომოტივს“ 46 ქულა აქვს და ლიდერია, „სპარტაკს“ კი 38 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.
ჰოლანდიის ერედივიზიონში კი გურამ კაშიას არნემის „ვიტესმა“ „აიაქსს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. არნემელთა ქართველმა კაპიტანი ძირითადი შემადგენლობაში იყო, 71-ე წუთზე კი ბრაიან ლინსენს საგოლე გადაცემა გაუკეთა – „ვიტესმა“ სწორედ ამ გოლით გაიმარჯვა და 26-ე ტურის შემდეგ, 41 ქულით მეექვსე ადგილზეა.