ჰოლანდიურ გრანდში ამსტერდამის „აიაქსში“ სამწვრთნელო ცვლილება მოხდა. გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელთან მარსელ კაიზერთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ეს სპეციალისტი “აიაქსში” ზაფხულიდან მუშაობდა. მასთან ერთად გუნდიდან წავიდნენ თანაშემწეები – ჰენი სპიიკერმანი და ლეგენდარული დენის ბერგკამპი.
მწვრთნელების გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც “აიაქსმა” “ტვენტესთან” წააგო (1:1, პენალტებით – 5:6) ჰოლანდიის თასის 1/16 ფინალი. ჰოლანდიის ჩემპიონატში გუნდი მეორე ადგილზეა 17 ტურის შემდეგ და ლიდერ “ეინდჰოვენს” ხუთი ქულით ჩამორჩება.
კაიზერის გათავისუფლების შემდეგ, “აიაქსის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გახდა ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მცველი მიხაელ რაიციგერი. მას დაეხმარება ვინსტონ ბოგარდი. ეს დუეტი აქამდე “აიაქსის” სარეზერვო გუნდში მუშაობდა.
რაიციგერის დებიუტი 24 დეკემბერს, ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-18 ტურში შედგება “ვილემთან” საშინაო მატჩში.