ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდებმა მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს - შოთა არველაძემ თავი გოლით გამოიჩინა #1TVSPORT
ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდებმა მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს - შოთა არველაძემ თავი გოლით გამოიჩინა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ ამსტერდამის „აიაქსის“ 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით „იოჰან კრუიფ არენაზე“ ლეგენდების შეხვედრა გაიმართა. „აიაქსის“ ლეგენდები მადრიდის „რეალის“ ისტორიაში გამორჩეულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს.

შეხვედრაში ანგარიში 41-ე წუთზე გაიხსნა, ესპანური გრანდის ლეგენდების კარში გოლი ქართველმა შოთა არველაძემ გაიტანა, მან რაიან ბაბელის გადაცემა გამოიყენა.

მეორე ტაიმში შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა თავის გამოჩენა ისევ მასპინძლებმა შეძლეს, შეხვედრის მიწურულს „რეალს“ მეორედ სიმ დე იონგმა გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შოთა არველაძესთან ერთად შეხვედრაში „აიაქსის“ ფორმა ისეთმა ფეხბურთელებმა მოირგეს, როგორებიც დენი ბლინდი, ედვინ ვან დერ სარი, კლარენს ზეედორფი, ძმები დე ბურები, იარი ლიტმანენი და სხვები არიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი „აიაქსის“ რიგებში 1997-2001 წლებში თამაშობდა. გუნდის მაისურით ჩატარებულ 124 შეხვედრაში არველაძემ 72 გოლი გაიტანა.