გიორგი მიქაუტაძემ ბელგიაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და ყველასათვის მოულოდნელად, ამჯერად გოლი არ გაუტანია.
ბელგიის პროქსიმუს ლიგის მე-8 ტურში 19 წლის ქართველი თავადმსხმელის გუნდმა, „სერენმა“ საშინაო არენაზე „ლომელს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე სემი ლასანიმ გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძე „სერენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 93-ე წუთზე მოედანი ისე დატოვა, გოლი არ გაუტანია. ეს ბელგიურ კარიერაში ჩატარებული მისი მერვე მატჩი იყო და მეორედ მოხდა, რომ მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა.
ამის მიუხედავად, 19 წლის თავდამსხმელი ლიგის ბომბარდირთა დავას კვლავ დიდი უპირატესობით ლიდერობს – მიქაუტაძემ 8 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. მეორეზე 7 გოლით ბელგიის ახალგაზრდული ნაკრებისა და ბრიუსელის „უნიონის“ 22 წლის თავდამსხმელი დანტე ვანზეირია, რომელიც 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსანია. მან ბოლო ტურში „ბრიუგეს“ სარეზერვო გუნდთან ჰეთ-თრიქი შეასრულა.
8 ტურის შემდეგ „სერენმა“ 18 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი შეინარჩუნა. მას ერთი ქულით „უნიონი“ ჩამორჩება.