ამჯერად საგოლე გადაცემა - „ნიუკასლს“ მიქელთაძემ ვერ უშველა #1TVSPORT
ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში თავი ისევ გამოიჩინა – 24 წლის ქართველ თავდამსხმელს ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ავსტრალიის ლიგა 1-ის მე-9 ტურის გამოტოვებული შეხვედრა ქართველის გუნდმა, „ნიუკასლ ჯეთსმა“ გასვლაზე „ველინგტონ ფენიქსთან“ გამართა და 2:3 დამარცხდა. ბექა მიქელთაძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
25-ე წუთზე მასპინძლები ჯოშუა სოტირიომ პენალტით დააწინაურა. „ნიუკასლ ჯეთსმა“ 42-ე წუთზე დანიელ პენიას გოლით ანგარიში გაათანაბრა, რომელმაც საგოლე გადაცემა ქართველი თავდამსხმელისგან მიიღო. მაგრამ ბენ უეინმა 45+1-ე წუთზე „ველინგტონ ფენიქსი“ ისევ წინ გაიყვანა.
შეხვედრის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა. ერთ ეპიზოდში მიქელთაძემ ეფექტურად, „მაკრატელათი“ სცადა გატანა, მაგრამ უშედეგოდ. სტუმართა შემტევმა ოლივიე ბუმალიმ 62-ე წუთზე წონასწორობა ისევ აღადგინა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე „ველინგტონ ფენიქსი“ მესამედ დევიდ ბოლმა დააწინაურა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ბექა მიქელთაძე ბომბარდირთა დავაში ისევ მეორე ადგილზეა და მხოლოდ ლიდერის, „მელბურნ სიტის“ ფორვარდს, ჯეიმი მაკლარენს ჩამორჩება. ამას გარდა, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა. „ნიუკასლ ჯეთსი“ კი 17 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-9 ადგილზეა, მაგრამ 3 მატჩი ჩასატარებელი აქვს.