საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ხანმოკლე ბელგიური შეკრება მეორე ამხანაგური შეხვედრით დაასრულა – ამ ქვეყნის ნაკრებთან პირველი შეხვედრა საქართველომ ანგარიშით 4:1 მოიგო, ამჯერად კი ანგარიშით 1:1 ითამაშა.
მეორე შეხვედრაც ბელგიის ქალაქ ჰერენტალსში გაიმართა. მე-12 წუთზე ავთანდილ ასათიანის გუნდი დაწინაურდა – შოთა თოფურიას გადაცემით ნიკა კურტანიძემ ისარგებლა – 0:1.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, ბელგიელებმა კი საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს და მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ამით დაასრულა მზადება ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, რომელიც 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები F ჯგუფში გერმანიის, კოსოვოსა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ.