ამჯერად არ გაუტანია - ზივზივაძის „კარლსრუე“ „მაგდებურგს“ დაუზავდა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში კონკურენტ „მაგდებურგს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 2:2.
მე-6 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. იმის მიუხედავად, რომ გოლი არ გაუტანია, ქართველმა თავდამსხმელმა საკმაოდ მაღალი შეფასება (7,0 ქულა) დაიმსახურა.
„მაგდებურგი“ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ გუნდს სახლში მოგებული არ ჰქონდა და თამაში კარგად დაიწყო. მე-5 წუთზე „კარლსრუეს“ მცველი უხეშად შეცდა, მასპინძელთა ინგლისელმა თავდამსხმელმა ხავიერ ამაეხმა ბურთი კარის წინ აართვა და ანგარიში გახსნა.
სტუმრებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს – ჯერ იენსენმა (24-ე წუთზე) ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ვანიცეკმა (30-ე წუთზე) „კარლსრუე“ წინ გაიყვანა და ქართველის გუნდმა პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგო – 1:2.
„მაგდებურგმა“ შესვენების შემდეგ იბრძოლა და წაგებას გადარჩა. 78-ე წუთზე წონასწორობა ჰერხერმა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, „კარლსრუე“ (14) მეორე ადგილზე დარჩა და ლიდერ „დიუსელდორფს“ (15) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება, ხოლო „მაგდებურგს“ 2 ქულით ასწრებს.