ამინაშვილმა ბელარუსი მეტოქე ბოლო წამს დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ლომთაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 61, 74, 86, 92 და 125 კგ წონით კატეგორიის ფალავნები გამოვიდნენ საასპარეზოდ. საქართველოს ღირსებას მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), მსოფლიოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ), მსოფლიო პრიზიორი ირაკლი მწითური (92 კგ) და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) იცავდნენ.
ორმა მათგანმა ბექა ლომთაძემ და სანდრო ამინაშვილმა კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში იჭიდავეს. ბექა სამწუხაროდ, ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში უკრაინელ ანდრიი ჟელეპთან დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. ამინაშვილმა კი ნახევარფინალური დაპირისპირება კარგად ჩაატარა, ბელარუს სპორტსმენს ალი შაბანაუს სძლია და ხვალ, ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ დღესვე ფინალურ ბლოკში ორი ქართველი – ნიკა კენჭაძე (79კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.