ამერიკული პროექტის პირველი ფილიალი საქართველოში - ზაზა ფაჩულიამ ინდივიდუალური მომზადების ცენტრი გახსნა #1TVSPORT
ზაზა ფაჩულიამ თბილისში, ინდივიდუალური საკალათბურთო მომზადების დარბაზის პირველი ფილიალი Shoot 360 Tbilisi გახსნა.
საკალათბურთო ცენტრი საქართველოს ნაკრებისა და NBA-ის ვეტერანი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ინიციატივით მისი სახელობის კალათბურთის აკადემიაში მოეწყო. მან საწყის ეტაპზე ინდივიდუალური საკალათბურთო მომზადების ცენტრში 3 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა.
Shoot 360 ამერიკული პროექტია, საქართველო კი ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც საერთაშორისო ფილიალი გაიხსნა.
პროექტი საკალათბურთო ინდივიდუალური მომზადების პროგრამაა – მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ დარბაზში კალათბურთელი ინდივიდუალური უნარების განვითარებას შეძლებს.
ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინსიტრი თეა წულიკიანი და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
„დღეს ჩემმა მეგობარმა სტეფ კარიმ NBA-ში რეკორდი დაამყარა – ყველაზე მეტი სამქულიანი აქვს ჩაგდებული. სტეფი სწორედ Shoot 360-ის ტექნოლოგიით ვარჯიშობს ყოველდღე. იმედი მაქვს, ჩვენს დარბაზში მომზადებული ბავშვები მომავალში დიდ რეკორდებს შეუტევენ“, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.