ამერიკული მედიის ინფორმაციით, „ლეიკერსი“ დეანჯელო რასელისთვის აქტიურ ბრძოლას იწყებს
„ლეიკერსი“ 2019-2020 წლების სეზონზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მთავარი ფავორიტი იქნება. ლოს-ანჯელესელებმა ენტონი დევისის გუნდში დაშვებით უკვე განახორციელეს სავარაუდოდ ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი. გუნდი დატოვეს ლონზო ბოლმა, ბრენდონ ინგრამმა და ჯოშ ჰარტმა. აქედან გამომდინარე, „ლეიკერსის“ ხელმძღვანელობა ახლა გამთამაშებლის პოზიციის გაძლიერებას ცდილობს.
მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. სავარაუდო კანდიდატებად დასახელებულნი არიან კემბა ვოკერი და კაირი ირვინგი, თუმცა ბოლო დროს ყველაზე აქტიურად საუბარი დეანჯელო რასელის გუნდში დაბრუნებაზე მიდის. „ათლეტიკის“ ჟურნალისტი შემს შარანია იუწყება, რომ რასელსა და ლოს-ანჯელესური გუნდის ხელმძღვანელობას შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმ შემთხვევაში, თუ დეანჯელოს შემოთავაზებული ხელფასი დააკმაყოფილებს, ის „ლეიკერსში“ დაბრუნებას დათანხმდება.
შეგახსენებთ, რომ რასელი 2017 წლამდე სწორედ „ლეიკერსში“ ასპარეზობდა, რის შემდეგაც იგი „ბრუკლინ ნეთსში“ გაცვალეს.