ამერიკული მედიის ცნობით, „ნეტსი“ მზადაა კაირი ირვინგი გაცვალოს #1TVSPORT
NBA-ის რეგულარული სეზონის პარალელურად გუნდებს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და ყველაზე აქტუალური თემა, რა თქმა უნდა, ისევ კაირი ირვინგი და ბენ სიმონსია. „ბრუკლინისთვის“ ახალი სეზონი იდეალურად არ დაწყებულა, რადგან გახსნით მატჩში გასული სეზონის ჩემპიონთან და ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან, „მილუოკი ბაქსთან“ დამარცხდნენ. რაც შეეხება „ფილადელფიას“, გუნდმა პირველი მატჩი „ნიუ ორლეანს პელიკანსის“ წინააღმდეგ მარტივად მოიგო, მაგრამ შემდეგ „ნეტსთან“ დამარცხდა.
ბრუკლინელების მთავარ პრობლემად კვლავ კაირი ირვინგი რჩება, რომელიც არ იცრება. კლუბმა კი განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ის მატჩებში და ვარჯიშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „სიქსერსში“ შედარებით განსხვავებული სიტუაციაა – ბენ სიმონსი გაცვლას ითხოვს, რადგან გუნდში ბედნიერი არაა.
ESPN-ის ჟურნალისტმა, ადრიან ვოინაროვსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ „ნეტსი“ მზადაა ირვინგის გაცვლის თაობაზე წინადადებები მიიღოს. სხვადასხვა წყაროებში იწერებოდა, რომ ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ ბენ სიმონსია, მაგრამ როგორც ბოლოდროინდელი ცნობებით გაირკვა, „სიქსერსს“ „ნეტსისთვის“ ჯერჯერობით, შეთავაზება არ გაუკეთებია.
ამ გაცვლას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ პრობლემები გარკვეულწილად მოგვარდება. „ფილადელფია“ მოთამაშეების აცრას არ ითხოვს, სიმონსს კი სურვილი აუსრულდება და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს. მაგრამ დოკ რივერსის გუნდისთვის, ეს რისკებთანაა დაკავშირებული – ყველაზე მნიშვნელოვანი ირვინგის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომლის მიხედვითაც, თუ „ნეტსი“ მას გაცვლის, მაშინ ის კარიერას დაასრულებს. ამით „სიქსერსი“ დაზარალდება, რადგან დაკარგავს ბენ სიმონსს და კაირიც შეიძლება კალათბურთიდან წავიდეს. ამას უნდა დავამატოთ სიმონსის სიტყვებიც, რომლის მიხედვითაც გუნდში რჩება, უბრალოდ ამ ეტაპზე ჯერ მენტალურად არაა მზად სათამაშოდ.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე გუნდები გაცვლის განხორციელებას არ აპირებენ. მათ ჯერ ბოლომდე უნდა ნახონ რა შეუძლიათ პარკეტზე ირვინგისა და სიმონსის გარეშე, შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს მიმართონ.