ამერიკული მედია - ვიცით, რა სჭირდება ბითაძეს განვითარებისთვის #1TVSPORT
ამერიკული მედია - ვიცით, რა სჭირდება ბითაძეს განვითარებისთვის #1TVSPORT

NBA-ის ახალი სეზონი დაიწყო და გუნდებმა წინასასეზონო მატჩების გარკვეული ნაწილი უკვე ჩაატარეს. გოგა ბითაძემ მაისის შემდეგ „პეისერსის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა. გოგამ „ნიქსთან“ წაგებულ შეხვედრაში პარკეტზე 11 წუთი და 44 წამი გაატარა, ამ დროში მან 3 ქულის, 2 მოხსნის (ორივე დაცვაში) და 2 დაფარების დაგროვება მოასწრო.

გოგას თამაშს ამერიკული გამოცემა indycornrows გამოეხმაურა. სტატიის ავტორი ძირითადად ყურადღებას ბითაძის მომავალზე ამახვილებს, რომელიც, მისი აზრით, „ინდიანაში“ ბუნდოვანია. გამოცემა გოგას პოტენციალს ხაზს უსვამს და აღნიშნავს, რომ მას განვითარებისთვის უფრო მეტი დრო სჭირდება, რის საშუალებასაც „პეისერსი“ არ აძლევს. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

პრესეზონის პირველ შეხვედრაში, გოგა ბითაძე „პეისერსის“ შემადგენლობაში მაისის შემდეგ პირველად გამოჩნდა. გოგა პარკეტზე ცოტა არაკომფორტულად იყო, მაგრამ „ნიქსის“ წინააღმდეგ დაცვაში თამაშის უნარები გამოამჟღავნა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სათამაშო დისციპლინა ჯერ კიდევ ვითარდება, აღსანიშნავია ის პროგრესი, რაც მან ბოლო ორ სეზონში განიცადა.

თუმცა, თუ გოგას სურს, რომ როტაციაში ადგილი და განსაზღვრული წუთები გაინაღდოს, მაშინ ის შეტევაშიც უნდა განვითარდეს. გოგას კარგი სროლა აქვს, მაგრამ კარიერაში მას 121-დან მხოლოდ 23.1% აქვს ჩაგდებული („ნიქსთან“ 3-დან 1 სროლა გამოიყენა).

„ბითაძე კარიერის საუკეთესო ფორმაშია, ვფიქრობ, რიკ კარლაილს სურს, რომ ბითაძე უფრო მოქნილი მოთამაშე გახდეს. ჩვენ ვიცით თუ როგორია ის დაფარებების დროს, მაგრამ ახლა სროლებიც უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა „პეისერსის“ პრეზიდენტმა, კევინ პრიტჩარდმა მედიასთან საუბრისას.

ვეთანხმები პრიტჩარდს, გოგა შეტევაში უკეთესი უნდა გახდეს. მის პარკეტზე გადაადგილების უნარს მუშაობა სჭირდება, ბლოკების დაყენების მხრივაც უნდა განვითარდეს და DHO (დრიბლინგის დროს ბურთის ხელში მიცემა) უნდა გააუმჯობესოს. მას გარკვეული გამონათებები უნდა ჰქონდეს პიკ-ენდ-როლის კუთხით, პერიმეტრიდან კი უფრო დამაჯერებლად უნდა ისროლოს.

ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით რა სჭირდება გოგას განსავითარებლად, მაგრამ მთავარი კითხვაა – როდის მიიღებს ის მუდმივ შესაძლებლობას, რომ ეს უნარები გააუმჯობესოს?

გოგა 2019 წელს მე-18 ნომრად აირჩიეს და ბევრის აზრით, ის იმ დრაფტის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად მიიჩნეოდა, მაგრამ მხოლოდ შესაძლებლობებით შედარება რთულია. იმ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც 40-ზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული, ბითაძე წუთების საერთო მაჩვენებლით 33-ე ადგილზეა, თამაშში საშუალო წუთებით კი 38-ზე. გოგას გარკვეული დრო ტრავმის გამოც გაუცდა, მაგრამ ჩატარებული მატჩების მიხედვით (99) 2019 წლის დრაფტზე არჩეულ მოთამაშეებს შორის ის კვლავ მე-18 ადგილს იკავებს.

NBA-ში გოგა ბითაძის კარიერა კარგად არ დაწყებულა. მას ჯერჯერობით არ უთამაშია საზაფხულო ლიგაზე. სადებიუტო წელს მას ვიზის პრობლემები ჰქონდა, შემდეგ პანდემიის გამო ვერ მოახერხა თამაში, წელს კი პირადი მიზეზების გამო გამოაკლდა თავის გუნდს. გოგას უკვე მესამე მთავარ მწვრთნელთან უწევს მუშაობა. ბითაძე ისეთ გუნდში აიყვანეს, სადაც ცენტრის პოზიციაზე ორი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და ყველაფერს მათ გარშემო აწყობენ.

აიზია ჯექსონმა, რომელიც „პეისერსმა“ ამ დრაფტზე აირჩია, ბითაძეს როტაციაში გარკვეული დრო წაართვა და რიკ კარლაილისა და მენეჯმენტისგან მოწონება უკვე დაიმსახურა. ჩვენ ჯექსონს არაფერს ვერჩით, უბრალოდ ეს ქცევა დამაბნეველია, როცა გოგას სათამაშო დროს ვაანალიზებთ. თუ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ჯექსონს ადრეულ ეტაპზევე შეუძლია განვითარება, რასაც ინტერვიუებშიც აღნიშნავენ, კარგია. ის საზაფხულო ლიგაზეც კარგად გამოიყურებოდა და „ნიქსის“ წინააღმდეგაც ნათელი წერტილები შეიმჩნეოდა, მაგრამ გოგაზე რას გეგმავენ?

არაერთი გულშემატკივარი გოგას თიჯეი ლიფს ადარებს, მაგრამ ამის ბევრი საფუძველი არ არსებობს. გოგამ ამ დროის განმავლობაში NBA-ის მოთამაშის უფრო მეტი უნარი გამოამჟღავნა, ვიდრე ლიფმა ორი სეზონის განმავლობაში, რომელსაც ზუსტად იგივე შესაძლებლობები ჰქონდა. გოგა 2020 წელს G ლიგაში ჩატარებულ 6 შეხვედრაში დომინირებდა. მან დაამტკიცა, რომ დაცვაში თამაში NBA-ის დონეზეც შეუძლია.

თუ გოგა ბითაძე აპირებს რომ გახდეს სტაბილური მოთამაშე შეტევაში, მაშინ ამისთვის როტაციაში მუდმივი როლი სჭირდება. სათამაშო დრო და ძირითად შემადგენლობაში თამაში ყველაფერს არ ნიშნავს, მას სჭირდება სტაბილური გარემო, მოლოდინები და შესაძლებლობა, რომ შეცდომები შეამციროს. გარკვეული დრო გავიდა და უკვე სამართლიანია ვიკითხოთ, რამდენად კარგი იყო „ინდიანა პეისერსიბითაძის განვითარებისთვის.

ნაკლებად მაინტერესებს მიიღებს თუ არა გოგა შანსს გრძელვადიან პერსპექტივაში გახდეს სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე. მე მაინტერესებს გახდება თუ არა ის სათადარიგო ცენტრი, რომელიც ყველა შეხვედრაში მინიმუმ 15 წუთს მიიღებს. როცა გოგას 10 წუთზე დიდ ხანს ათამაშებდნენ ის საუკეთესო იყო.

2019-20 წლების სეზონში, 11-დან 27 ნოემბრამდე, როცა „პეისერსსსაბონისი და ტერნერი არ ჰყავდა, ბითაძე საშუალოდ 10 თამაშში 17.6 წუთი თამაშობდა. გოგა 58.3%-ით ისროდა, პერიმეტრიდან კი 36.4%-ით. მას ბაბლშიც კარგი მომენტები ჰქონდა, როცა საბონისი ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა, მაგრამ „მაიამის“ წინააღმდეგ პლეიოფში საერთოდ არ უთამაშია.

გასულ სეზონში, 16 მატჩში მარტიდან აპრილის ჩათვლით, როცა „პეისერსს“ ტერნერი და საბონისი კვლავ გამოაკლდა, გოგა საშუალოდ 14 წუთს თამაშობდა, პერიმეტრიდან 34.3% სიზუსტით ისროდა, თამაშიდან კი 56.6%-ით.

ფაქტია, რომ როცა გოგა მუდმივ სათამაშო დროს იღებს, ის სტაბილურად თამაშობს და პროდუქტიულია. მარტივი არ არის უფრო მეტი სროლის განხორციელება, თუ მას ამის შანსი არ ეძლევა.

მიუხედავად ამისა, გოგას განვითარება მხოლოდ სამწვრთნელო სტაფსა და მენეჯმენტზე არაა დამოკიდებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტრავმები და გარე ფაქტორები, რომლის გამოც ის გადამწყვეტ მომენტებში გუნდს გამოაკლდა, ხელს უშლის მას განვითარებაში.

გუნდისთვის, რომელსაც უჭირს გარკვეული მოთამაშეების ოპტიმიზაცია, გოგა არის კიდევ ერთი კალათბურთელი შემადგენლობაში, რომელსაც თავისი შესაძლებლობები ბოლომდე არ წარმოუჩენია.

თუ გავითვალისწინებთ რიკ კარლაილის კომენტარებს, ისიც ტერნერი/საბონისის წყვილზე აპირებს აქცენტის გაკეთებას, შესაბამისად რთულია გოგასთვის ისეთი სცენარის გამონახვა, რომელშიც ის გუნდს მოერგება. გუნდში ტრავმიანობა ხშირადაა, ამიტომ შესაძლოა, გოგამ შანსები მიიღოს, მაგრამ ამაზე დაყრდნობა რთულია. შესაბამისად, სანამ ის თავის შანსს ელოდება, ის ყოველთვის მზად უნდა იყოს.“