ამერიკული გამოცემა - მამუკელაშვილი გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშე გახდება #1TVSPORT
ამერიკული გამოცემა - მამუკელაშვილი გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშე გახდება #1TVSPORT

ლას ვეგასში NBA-ის საზაფხულო ლიგა მიმდინარეობს, სადაც ქართველი კალათბურთელები იღებენ მონაწილეობას, მათ შორის კი 22 წლის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილია, რომელმაც „ბაქსთან“ ორმხრივი კონტრაქტი გააფორმა და ახლა გუნდში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს.

მამუკელაშვილმა სადებიუტო მატჩში „კლიპერსის“ წინააღმდეგ ორმაგი დუბლი 11 ქულითა და 12 მოხსნით გაიფორმა და რა თქმა უნდა, გულშემატკივართა მოწონებაც დაიმსახურა. მის თამაშს ამერიკული მედია, behindthebuckpass გამოეხმაურა. ავტორმა კი სტატიას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, საკმაოდ საინტერესო სათაური შეურჩია.

მამუკელაშვილი გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშე აუცილებლად გახდება

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „მილუოკიმ“ წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მაშინ გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშეების სიაც მოკლე არ იქნება.

ბობი პორტისი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ხალხის ჩემპიონი“, ამ სიის სათავეშია, რაც ძირითადად მისმა ენერგიამ გამოიწვია. პარკეტზე გამოსვლის შემდეგ, მას დიდი როლი ჰქონდა და მთელი „ფაისერვ-ფორუმიც“ ხშირად მის სახელს სკანდირებდა. გულშემატკივრების ფავორიტები ასევე არიან ტანასის ანტეტოკუნმპო და მამადი დიაკიტე. ამ სიაში ასევე პროგრესირებს ჯორდან ნვორა.

ბაქსს“ მოსაწონი შემადგენლობა ნამდვილად ჰყავს და კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც ნელ-ნელა გულშემატკივრებს უყვარდებათ არის სანდრო მამუკელაშვილი.

როდესაც „მილუოკიმ“ მამუკელაშვილი NBA-ის დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩია, ბევრმა მისი შესაძლებლობები არ იცოდა. მას შემდეგ რაც მისი საუკეთესო მომენტები ნახეს, რაც სანდროს „სეტონ ჰოლში“ 4 წლის განმავლობაში დაუგროვდა, გულშემატკივრები მიხვდნენ რისი მოტანა შეუძლია 22 წლის კალათბურთელს გუნდში.

211 სანტიმეტრისა და 109 კგ კალათბურთელში ყველაზე მეტად რამაც დაიმსახურა მოწონება არის მისი პასების უნარი. მისი ზომის კალათბურთელისათვის, სანდრო არაჩვეულებრივად ატარებს ბურთს და თავის გუნდელებს თამაშის განმავლობაში პასებით კარგად ამარაგებს. ამ უნარის აღმოჩენამ მაშინვე ნიკოლა იოკიჩთან შედარება გამოიწვია, რომელიც დღესდღეობით ლიგაში ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა.

რა თქმა უნდა, ლიგის MVP-სთან შედარება რთულია, მაგრამ მამუკელაშვილის პასების პოტენციალი მისი აღნაგობის კალათბურთელისათვის, ბევრ რამეს გვპირდება.

სანდრო მამუკელაშვილი საზაფხულო ლიგის გუნდში შესაძლოა გულშემატკივართა საყვარელი კალათბურთელიც იყოს

როცა გულშემატკივრები დაკავებულები იყვნენ მისი ჰაილაითების ყურებით, მათ ასევე ნახეს მამუკელაშვილის შესაძლებლობები საზაფხულო ლიგის გახსნით მატჩში.

ჯორდან ნვორამ გარკვეულწილად შოუ მოიპარა, რადგან „კლიპერსთან“ 81:78 მოგებულ შეხვედრაში 30 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, მაგრამ მამუკელაშვილმაც დაიმსახურა გარკვეული ყურადღება. მან ორმაგი დუბლი 11 ქულითა და 12 მოხსნით დააგროვა. სანდრო მთელი მატჩის განმავლობაში თამაშიდან ჩაგდებას ცდილობდა და საბოლოო ჯამში ეს 8-დან 3-ჯერ მოახერხა, საიდანაც 2 მცდელობა პეტიმეტრიდან ჰქონდა, მაგრამ უშედეგო. საჯარიმოს ხაზიდან კი 6-დან 5 ბურთი ჩააგდო.

თუ გავითვალისწინებთ მამუკელაშვილის მოხსნის შედეგს, ის ფარქვეშ შესანიშნავი იყო. სანდრომ შეტევაშიც და დაცვაშიც 6-6 მოხსნა დააგროვა, რაც ნამდვილად აღსანიშნავია. „ბაქსი“ არის გუნდი, რომელიც შეტევაში მოხსნებს ყურადღებას აქცევს და ამ შედეგის გამო, მამუკელაშვილი შესაძლოა გუნდს ზუსტად მოერგოს.

საბოლოო ჯამში, სანდრომ შეხვედრა 4 პასით დაამთავრა, რითიც თავისი შესაძლებლობები დაანახა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ამას ელოდნენ. რამდენიმე მათგანი მატჩის ჰაილაითებშიც მოხვდა.

მაგალითისათვის, ნახეთ მამუკელაშვილის პასი, რომელიც მან მამადი დიაკიტეს გაუკეთა.

შეხედეთ ამ პასს, რომლითაც მან ჯორდან ნვორა კუთხეში სამქულიანის სასროლად დატოვა.

მამუკელაშვილმა სადებიუტო შეხვედრაში პირველი შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი თამაში, რთულია იმის უარყოფა, რომ 22 წლის კალათბურთელი სოლიდურად გამოიყურებოდა. საზაფხულო ლიგის დარჩენილ თამაშებში მამუკელაშვილი კიდევ დაგვანახებს თუ რა პოტენციალი აქვს.

ორმხრივი კონტრაქტის გამო, მას შემდეგ რაც NBA-ის ახალი სეზონი დაიწყება მამუკელაშვილს „ბაქსის“ შემადგენლობაში ხშირად ვერ ვიხილავთ.

მას შეუძლია ჩამოყალიბდეს საინტერესო და უნიკალურ კალათბურთელად. მაღალი შედეგის დაფიქსირების გარდა, მამუკელაშვილს შეუძლია პასებითა და ფარქვეშ თამაშით დაიმსახუროს გულშემატკივართა მოწონება.“

დღეს, 11 აგვისტოს, თბილისის დროით 23:59 საათზე „მილუოკი“ საზაფხულო ლიგის კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს, სადაც „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდება.