ამერიკული გამოცემა - ბითაძის „ინდიანაში“ დაბრუნება სასიხარულოა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ის ახალი სეზონის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია წინასასეზონო მატჩებით 3 ოქტომბერს დაგვიბრუნდება, 19 ოქტომბერს კი რეგულარული სეზონი დაიწყება.
სანდრო მამუკელაშვილმა, „ბაქსთან“ ორმხრივი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, საზაფხულო ლიგაზე ძალიან კარგად იასპარეზა და არაერთი გამოცემის აზრით, მომავალ სეზონში ქართველი მძიმე ფორვარდი ძირითად გუნდში თავის შანსს მიიღებს. გიორგი ბეჟანიშვილმა ცოტა ხნის წინ „დენვერ ნაგეტსთან“ Exhibit 10 კონტრაქტი გააფორმა და დიდი ალბათობით, G ლიგის გუნდში „გრანდ რაპიდს გოლდში“ ითამაშებს, მაგრამ NBA-ში თავის გამოჩენის შანსი ექნება.
რაც შეეხება „ინდიანა პეისერსის“ ახალგაზრდა ცენტრს, გოგა ბითაძეს, ის კალათბურთის საუკეთესო ლიგაში მესამე სეზონს დაიწყებს. გოგას საზაფხულო ლიგაზე უნდა ეთამაშა, მაგრამ პირადი მიზეზების გამო გუნდს გამოაკლდა.
ცოტა ხნის წინ „პეისერსმა“ ვარჯიშები განაახლა, სადაც ბითაძესაც ვხედავთ, ამას ამერიკული გამოცემა 8points9seconds გამოეხმაურა.
„ამ სავარჯიშო კემპზე ყველაზე ამაღელვებელი ორი რამ ვნახე. „ალე უპები“ და გოგა ბითაძე, რომელმაც პირადი მიზეზების გამო NBA-ის საზაფხულო ლიგა გამოტოვა და ახლა გუნდს დაუბრუნდა. აქ თქვენ ხედავთ ჯასტინ ჰოლიდეის პასს გოგა ბითაძეზე, როდესაც მას ოშეი ბრისეტი იცავდა.
გოგას „ინდიანაში“ დაბრუნება და ჯანმრთელობა სასიხარულოა“, – წერს 8points9seconds.
გასულ სეზონში ბითაძე საშუალოდ 12.5 წუთს თამაშობდა, რა დროშიც ის 5.1 ქულას, 3.3 მოხსნას და 1.3 დაფარებას აგროვებდა.