ამერიკელი კალათბურთელის მკვლელობა მისმა ყოფილმა ცოლმა აღიარა
ამერიკელი კალათბურთელის მკვლელობა მისმა ყოფილმა ცოლმა აღიარა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 1996 წლის დრაფტის მეშვიდე ნომრის, ლორენცენ რაიტის ყოფილმა ცოლმა შერამ აღიარა კალათბურთელის მკვლელობა, რომელიც მან ჯერ კიდევ 2010 წლის 19 ივლისს ჩაიდინა, – წერს სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“.

ცნობილი ინციდენტი მემფისში მოხდა. კალათბურთელის სხეული სიკვდილიდან 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს. რაიტს 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. დიდი ხანი გამოძიებას ხელმოსაჭიდი არაფერი ჰქონდა, სანამ 2017 წელს, ერთ-ერთ წყალსაცავში პისტოლეტი არ იპოვნეს, საიდანაც კალათბურთელს ესროლეს.

მოგვიანებით დააპატიმრეს რაიტის მეუღლე, რომელმაც 25 ივლისს აღაიარა დანაშაული.

მკვლელობის მოტივი გამდიდრების სურვილი გახდა, რადგან კალათბურთელის სიცოცხლე ერთ მილიონ დოლარად იყო დაზღვეული. ეს ფული უნდა მიეღო შერა რაიტს იმის მიუხედავად, რომ წყვილი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დაშორდა. ეს იმით აიხსნებოდა, რომ ერთობლივი ცხოვრებისას, რაიტებს ექვსი შვილი შეეძინათ.

საბოლოოდ, სასამართლომ შერა მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და 30 წელი პატიმრობა მიუსაჯა. რვა წლის შემდეგ, მას ვადაზე ადრე განთავისუფლებაზე თხოვნის უფლება ექნება.