კომპანია „ამაზონ პრაიმმა“ (Amazon Prime) დიადი არგენტინელი ფეხბურთელის ცხოვრების შესახებ სერიალ „მარადონას“ პირველი კადრები წარმოადგინა.
ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში დიეგო მარადონას როლს ასრულებენ: 31 წლის ნიკოლას გოლდშმიდტი, 32 წლის ნაზარენო კასერო და 57 წლის ხუან პალომინო. სამივენი ძალიან გვანან საფეხბურთო ლეგენდას.
მარადონას ყოფილ მეუღლეს კლაუდია ვილიაფანიეს როლს 24 წლის ლაურა ესკიველი და 40 წლის ხულიეტა კარდინალე ითამაშებენ.
სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა არგენტინაში, ურუგვაიში, ესპანეთში, იტალიასა და მექსიკაში. თითოეული ეპიზოდი ერთსაათიანი იქნება. სერიების ზუსტი რიცხვი და ეთერში გასვლის თარიღი არ გამოცხადებულა.
სტუდია „ბი-თი-ეფ მედიას“ (BTF Media) პრეზიდენტმა ფრანსისკო სორდერომ განაცხადა, რომ ისინი უპრეცედენტო მხრიდან წარმოადგენენ არგენტინელი ვარსკვლავის ცხოვრებას და გვიჩვენებენ მას არა მხოლოდ როგორც ჩემპიონს, არამედ რიგით ადამიანს.
მანამდე „ამაზონ პრაიმმა“ დოკუმენტური სერიალი „მანჩესტერ სიტის“ შარშანდელ სეზონზე გამოუშვა.