ამას საერთო არაფერი აქვს ფეხბურთთან - რას წერს იტალიური მედია „ნაპოლის“ და „აინტრახტის“ ფანების შეტაკებაზე [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისა“ და ფრანკფურტის „აინტრახტის“ მატჩი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ დაპირისპირება უკვე დაიწყო – ერთმანეთთან იტალიელმა და გერმანელმა გულშემატკივრებმა იჩხუბეს.
მატჩის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე „ნაპოლის“ ულტრასები „პარტიზანულ ომში“ შევიდნენ ფრანკფურტის „აინტრახტის“ გულშემატკივრებთან, რამაც ნეაპოლის ცენტრში ვითარება უკიდურესად დაძაბა.
AreaNapoli.it-ის ცნობით, გულშემატკივრებს შორის შეტაკება პიაცა დელ გესუს ცენტრალური მოედნის მიდამოებში მოხდა. ნეაპოლელ ქომაგთა დიდმა ჯგუფმა გერმანელ გულშემატკივრებს აუფეთქა ქაღალდის ბომბები და პეტარდები.
ამან რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ცენტრში ვითარება ძალიან დაძაბა, ქუჩაში ორივე გუნდის ასობით ულტრასია გამოსულია – ეს მიუხედავად იმისა, რომ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და ნეაპოლის პროკურატურამ „აინტრახტის“ ფანებზე ბილეთების გაყიდვა სწორედ მსგავსი დაპირისპირების თვიდან აცილების მიზნით მინიმუმამდე შეამცირა.
„ჩვენ ვუყურებდით ქალაქში პანიკას და ლამის პარტიზანული დაპირისპირების სცენებს. ქალაქელებმა სახლებში ბარიკადები აღმართეს, ხოლო ნეაპოლელმა და გერმანელმა ულტრასებმა რამდენიმე ადგილას ცეცხლი გააჩინეს. იყო ბოთლების, ხელკეტების და ქვების სროლა, ბევრი ბარი განადგურდა. აბსურდული სიტუაციაა.
არსებობს შიში, რომ მატჩის დაწყების მოახლოებასთან ერთად ვითარება უახლოეს საათებში შეიძლება გაუარესდეს. ალბათ უკვე არიან პირველი დაჭრილები ამ წარმოუდგენელ და სამწუხარო დაპირისპირებაში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ფეხბურთთან“, – წერს „არეანაპოლი“.