ამანდა ნუნესს „იუ ეფ სის“ (UFC) ისტორიაში საუკეთესო მებრძოლის სტატუსი სურს
ამანდა ნუნესმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) სადებიუტო ბრძოლა 2013 წელს გამართა. ეს ის დროა, როცა რონდა როუზი, მიეშა ტეიტი და კრის საიბორგი შერეული ორთაბრძოლების (MMA Championship) ოქროსთვის იბრძოდნენ.
მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ამანდა ნუნესი ამ სპორტში ამდენს მიაღწევდა. თუმცა, მას შემდეგ, ექვსი წელი გავიდა და ბრაზილიელი მებრძოლი უკვე ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონის ქამრის მფლობელია. ნუნესმა ყველა ძლიერი მეტოქე დაამარცხა. 2016 წელს მან ტეიტს დამაჯერებლად სძლია. ხუთი თვის შემდეგ, ამანდამ, რონდა როუსი ლეგენდარულ დაპირისპირებაში, 48 წამში დაამარცხა. მომდევნო წლებშიც მისი ბრძოლები მაყურებელს და მის გულშემატკივრებს მხოლოდ ნუნესის დომინაციას აჩვენებდა.
ამ დროის მანძილზე ბრაზილიელმა ვალენტინა შევჩენკოს დამარცხებაც შეძლო. უკანასკნელ ბრძოლაში, სადაც ნუნესი აუტსაიდერად ითვლებოდა, ამანდამ კრის საიბორგი ასევე პირველ რაუნდში, ნოკ აუტით დაამარცხა და ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
შაბათს, ამანდა ნუნესს კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა ელის. მისი მეტოქე ჰოლი ჰოლმი იქნება, რომელმაც უკანასკნელი ერთი წელი რეაბილიტაციას მოახმარა. ჰოლმს მენისკი აწუხებდა. პრესკონფერენციაზე ნუნესი, რა თქმა უნდა, თავის თავში უაღრესად დარწმუნებული იყო და გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა –
„ჰოლი ვერაფერს შეცვლის, მე მას აუცილებლად დავამარცხებ და კიდევ ერთხელ დაგიმტკიცებთ, რომ „იუ ეფ სის“ ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი ვარ.“