ამ მაისურით ჭურჭელსაც კი არ გავწმენდი - პიტერ შილტონი მარადონას სარეკორდო თანხად გაყიდულ მაისურზე #1TVSPORT
ყოფილმა მეკარემ პიტერ შილტონმა, რომელიც ინგლისის ნაკრების კარს იცავდა არგენტინის წინააღდეგ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, კომენტარი გაუკეთა დიეგო მარადონას მაისურის სარეკორდო თანხად გაყიდვას. ლეგენდარულმა არგენტინელმა იმ მაისურით ორი ლეგენდარული გოლი გაუტანა ინგლისს, მათ შორის ერთი ხელით. ეს გოლი ისტორიაში „ღმერთის ხელის“ სახელით შევიდა.
მაისური აუქციონზე ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა სტივ ჰოჯმა გაიტანა, რომელმაც 1986 წელს დაუმალა პარტნიორებს, რომ სათამაშო ფორმა გაუცვალა მარადონას. უცნობმა მყიდველმა 9,28 მილიონი დოლარი გადაიხადა – ეს არის სპორტული ნივთისთვის გადახდილი სარეკორდი თანხა ისტორიაში.
„იმის გათვალისწინებით, რაც იქ მოხდა, არავითარ შემთხვევაში არ გავუცვლიდი მაისურს მარადონას. მის მაისურს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი არ გამოვიყენებდი, მაგალითად, ჭურჭელსაც არ გავწმენდი.
სხვა ფეხბურთელებს რომ ცოდნოდათ, რომ ჰოჯმა ის მაისური გასახდელში მოიტანა, ის იქიდან ცოცხალი ვერ გავიდოდა, მაისურს კი ათას ნაწილად დავგლეჯდით. შემიძლია სანაძლეო დავდო, რომ ჰოჯი გახარებულია, ჩვენ რომ ეს არ გავაკეთეთ. მან იცოდა, რასაც აკეთებდა, როცა არ მოგვიყვა იმის შესახებ, რომ ეს მაისური ჰქონდა. კარგია, რომ თუნდაც ერთმა ჩვენმა მოთამაშემ მიიღო რაღაც იმ თამაშისგან“, – მოჰყავს შილტონის სიტყვები გაზეთ The Sun-ს.