ალვარო მორატა - ყველას თვით იესო ქრისტემაც კი ვერ მოაწონა თავი
ალვარო მორატა - ყველას თვით იესო ქრისტემაც კი ვერ მოაწონა თავი

ალვარო მორატა, რომელიც ლონდონის ჩელსიდან მადრიდის ატლეტიკოში გადავიდა, ზოგიერთი მადრიდელი გულშემატკივრის ცუდ დამოკიდებულებას გაგებით ეკიდება და აცხადებს, რომ „ყველას თვით იესო ქრისტემაც კი ვერ მოაწონა თავი“.

ლონდონიდან მადრიდში მორატა მიმდინარე წლის იანვარში გადაბარგდა და ატლეტიკოსთან წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა კოლჩონეროების ზოგიერთი გულშემატკივარი ამ ფაქტს უარყოფითად შეხვდა. მიზეზი ის არის, რომ მორატამ თავისი საფეხბურთო კარიერა სწორედ ატლეტიკოს ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, მაგრამ შემდეგ რეალ მადრიდში გადავიდა, რასაც ზოგიერთი მას დღემდე ვერ პატიობს.

დღეს, 20 თებერვალს, მორატა თავის კიდევ ერთ ყოფილ კლუბს, იუვენტუსს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ბავშვობის კლუბში მას ყველა ხელგაშლილი შეხვდა.

„ყველგან ყველას შეუძლებელია მოსწონდე. ყველას თვით იესო ქრისტემაც კი ვერ მოაწონა თავი. კლუბმა და ახალმა თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს და ამას ძალიან ვაფასებ“, – განაცხადა მორატამ.

მატჩი ატლეტიკოსა და იუვენტუსს შორის დღეს, 20 თებერვალს, მადრიდის ვანდა მეტროპოლიტანოს სტადიონზე, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.