ალთუნაშვილის ავსტრიული დებიუტი გადაიდო - ნაკრების ნახევარმცველი სამუშაო ვიზას ელოდება #1TVSPORT
ავსტრიაში საფეხბურთო სეზონი დაიწყო – უკვე გაიმართა თასის და ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩები, მაგრამ „ვოლფსბერგერის“ შემადგენლობაში ჯერ სანდრო ალთუნაშვილს არ უთამაშია – საქართველოს პირველი არხის ცნობით, მიზეზი იურიდიული ბარიერებია, რომლებიც გვარდება.
ბათუმის „დინამოდან“ ზაფხულში გადასულმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა „ვოლფსბერგერში“ მოსამზადებელ ეტაპზე საკონტროლო თამაშები ჩაატარა, თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მაგრამ ოფიციალური შეხვედრებში განაცხადშიც ვერ მოხვდა.
ალთუნაშვილის უთამაშებლობის მიზეზად საერთაშორისო საფეხბურთო პორტალმა, flashscore-მა ტრავმა მიუთითა, თუმცა, ეს არასწორი ინფორმაციაა. როგორც გავარკვიეთ, სანდრო სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ სამუშაო ვიზა ჯერ არ მიუღია და თამაშის უფლებას ელის.
საკითხი გვარდება და, დიდი ალბათობით, 26 წლის ქართველ ნახევარმცველს 5 აგვისტოს, ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურში „კლაგენფურტთან“ შეხვედრისთვის სადებიუტო თამაშის უფლება მიეცემა.
„ვოლფსბერგერმა“ სეზონის პირველი ოფიციალური თამაში 22 ივლისს ავსტრიის თასის 1/32-ფინალში „კუფშტაინთან“ გასვლაზე დიდი ანგარიშით მოიგო (4:0), ხოლო 29 ივლისს ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში შინ „ლინცი“ 2:1 დაამარცხა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში სანდრო ალთუნაშვილი „ვოლფსბერგერში“ გადასული მესამე ქართველი მოთამაშეა. მანამდე გუნდის ღირსებას ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე იცავდნენ. პირველი შარშან ზაფხულში სერია A-ს „კრემონეზეში“ გადავიდა, ხოლო გურამ გიორბელიძე საქართველოში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოში“ თამაშობს.