„ალიანს ჯგუფში“ ქუთაისის „ტორპედოს“ პროექტის მენეჯერი - მერიის მხრიდან უვადო მაკონტროლებელი პირობები კლუბის წართმევის მუდმივ საფრთხეს ქმნის #1TVSPORT
„ალიანს ჯგუფში“ ქუთაისის „ტორპედოს“ პროექტის მენეჯერი - მერიის მხრიდან უვადო მაკონტროლებელი პირობები კლუბის წართმევის მუდმივ საფრთხეს ქმნის #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ გარშემო დატრიალებულ მოვლენებზე საქართველოს პირველ არხთან კომენტარი „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგში“ ქუთაისის „ტორპედოს“ პროექტის მენეჯერმა მიხეილ აბაიშვილმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 45-ე სხდომაზე ერთ-ერთ საკითხი სწორედ გუნდის გასხვისება იყო. საკრებულოს წევრებს სხდომაზე უნდა გადაეწყვიტათ, გუნდს ქონების მართვის სააგენტოს გადასცემდნენ თუ ახალ ელექტონულ აუქციონს დანიშნავდნენ.

„ცაიტნოტური ვითარებაა, ლიცენზირება 31 აგვისტოს მთავრდება და დროა, ქუთაისის „ტორპედოს“ რეალურად მიეხედოს. ქუთაისის „ტორპედოს“ გასხვისების პირობები უნდა იყოს მკაფიო, როგორ უნდა შევიდეთ გუნდის მართვაში და აქ ბუნდოვანება მიუღებელია. დავალიანება არის და მზად ვართ, გავისტუმროთ. მაგრამ გაუგებრია, გასხვისების პირობებში ჩადებული ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც დაუდასტურებელი ვალების მომსახურებას გულისხმობს 3 მილიონი ლარის ფარგლებში. ასევე, არსებულ ვითარებაში სააუქციონო თანხის, 567 000 ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა მართებულად არ მიგვაჩნია – ყველა თანხა, რომელსაც ინვესტორი მოიტანს, გუნდს უნდა მოხმარდეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „ტორპედოს“ დავალიანების გარდა, არანაირი მატერიალური აქტივი არ მოჰყვება – ვთქვათ, ბაზა ან სტადიონი. ესეც მიუღებელი. სამართლიანი იქნება, დაინტერესებული მხარეები შეგვკრიბონ ქუთაისის მერიამ და საკრებულოს წევრებმა, ჩვენი და კონკურენტი მხარის შეთავაზებები მოისმინონ და ვინც უკეთეს პირობებს წამოაყენებს, ქუთაისის „ტორპედო“ მას გადასცენ. ჩვენ პირობები მკაფიოა და ამაზე უკვე განცხადება გავაკეთეთ“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან მიხეილ აბაიშვილი.

„ალიანს ჯგუფ ჰოლდინგში“ ქუთაისის „ტორპედოს“ პროექტის მენეჯერმა ყველაზე მიუღებელი პირობები დაასახელა:

„მერიის მხრიდან ისეთი უვადო მაკონტროლებელი პირობებია ჩადებული, პოტენციურ ინვესტორს შეუქმნის განცდას, რომ კლუბის წართმევის მუდმივი რისკის წინაშე დგას. გასაგებია, რომ მერია ვალდებულია, კლუბი გადასცეს კეთილსინდისიერ და მზრუნველ ინვესტორს, რაც უნდა აკონტროლოს. თუმცა, ყველაფერს გონივრული ვადები უნდა ჰქონდეს, 5 ან 10 წელი და ეს არ უნდა შეიქმნას ისეთი გაცდა, რომ უვადოდ ხდება ეს კონტროლი და ეს გუნდს ჩამოგართმევენ. ეს ეწინააღმდეგება საკუთრების და ბიზნესის პრინციპებს. ზოგადად, საფეხბურთო კლუბის შემოწმება მუდმივად ხდება სფფ-ს და უეფა-ს მხრიდან და ამისთვის ლიცენზირების პროცესი არსებობს“.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ქუთაისის „ტორპედოს“ გასხვისების მიზნით დაგემილი აუქციონი ჩაიშალა, რადგან დაინტერესებულმა ჯგუფებმა „ნიუ ვიჟენმა“ და „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგმა“ პირობები მიუღებლად ჩათვალეს. „ტორპედოს“ საწყისი ფასი 56700 ლარი იყო, რასაც დაემატა ძველი დავალიანება 2 754 640 ლარი, რომლის წარმოშობაც კითხვებს ბადებდა და ასეთ პირობებზე კლუბის აყვანა არც ერთმა ინვესტორმა არ ისურვა.