„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგში“ „ტორპედოს“ პროექტის პრესსპიკერი - ვადასტურებ, რომ კომპანია მზად არის, ქუთაისურ გუნდში დღესვე შევიდეს და 20 მილიონამდე ინვესტიცია დააბანდოს #1TVSPORT
საქართველოს პირველ არხზე გავრცელდა „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, აიეტ კუკავამ განცხადება, რომ მისი კომპანია „ტორპედოში“ ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა.
კუკავას თქმით, სადეპოზიტო ანგარიშზე ინვესტორებმა საგარანტიო თანხად შვიდი მილიონი დოლარი დადეს. კლუბში მისვლას უახლოეს პერიოდში იმედოვნებს, ამ სეზონშივე აპირებს, მოიყვანოს ისეთი ფეხბურთელები, რომელთა დახმარებითაც „ტორპედო“ ევროზონის ადგილისათვის იბრძოლებს.
ამავე დროს, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდში სოლიდურ ინვესტიციებს დააბანდებს და პირველ ეტაპზე ინვესტიციების მოცულობა 20 მილიონ დოლარამდე იქნება.
იყო მცდელობა, რომ ეს ინფორმაცია ჭორად გაესაღებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგში“ „ტორპედოს“ პროექტის პრესსპიკერმა, მიხეილ აბაიშვილმა გააკეთა.
„ვინც ამტკიცებს, რომ ეს განცხადებები ტყუილია, მალე დარწმუნდება, რომ ცდება. „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ 2003 წლიდან ფუნქციონირებს, სერიოზული იმიჯი აქვს და ამ განცხადებებს მისი დამფუძნებელი და პრეზიდენტი აიეტ კუკავამ ტყუილად არ აკეთებს. ეს სერიოზული განაცხადია, რომლის უკანაც კონკრეტული ჩანაფიქრი დგას. ეს ტყუილი კი არა, ნამდვილი ამბავია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან მიხეილ აბაიშვილმა.
„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ პროექტის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ქუთაისური კლუბის გადაცემის თაობაზე კონკრეტული შეხვედრები გამართა:
„ნამდვილად იყო შეხვედრები, სადაც აიეტ კუკავამ დაინტერესება დააფიქსირა, რომ „ტორპედოში“ მისვლა და განვითარება სურს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 20 მილიონიან ინვესტიციაზეა ლაპარაკი“.
აბაიშვილის თქმით, კუკავა მზადაა, კლუბი დღესვე აიყვანოს:
„დიახ, ის მზადაა, დღესვე შევიდეს გუნდში და არ დაელოდოს იურიდიულ გადაფორმებას, რადგან ამას დრო უნდა, მაგრამ საამისოდ უნდა მიიღოს გარანტია შესაბამისი სამთავრობო უწყებებისგან და მაშინვე შევა გუნდში, რომ დროულად გაისტუმროს ვალები და „ტორპედო“ იმ სიმაღლეზე აიყვანოს, რაზეც მისი გულშემატკივრები ოცნებობენ“.