„ალიანს ჯგუფი“ ჩაშლილი აუქციონის პირობებს მიუღებლად თვლის - კომპანიამ ინვესტიციების განხორციელების პირობები დაასახელა #1TVSPORT
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ქუთაისის „ტორპედოს“ წარუმატებელი აუქციონის ფაქტზე „ალიანს ჯგუფმა“ განცხადება გაავრცელა.
„იმის მაგივრად, რომ პოტენციური ინვესტორების დაინტერესება მომხდარიყო სხვადასხვა მიმზიდველი შეთავაზებით, კლუბის გასხვისების პირობები გაიწერა ბუნდოვნად და გამიზნულად თუ უნებლიედ რისკის შემცველ პერსპექტივებად. ამიტომაც, ლოგიკურად, ბიზნესისათვის ეს აქტივი არ აღმოჩნდა საინტერესო და აუქციონი ჩაიშალა. შესაბამისად, დადგა არასასურველი შედეგი, კლუბს ისევ არ ჰყავს ინვესტორი. მზად ვართ, კიდევ უფრო კრიტიკული ვითარების მიუხედავად, სასწრაფო რეჟიმში შევიდეთ „ტორპედოს“ მართვაში და სოლიდური ინვესტიციები განვახორციელოთ“, – წერია „ალიანს ჯგუფის“ განცხადებაში.
კლუბის აყვანით დაინტერესებულმა კომპანიამ საამისო პირობებიც დაასახელა.
„ინვესტიციებს განვახორციელებთ შემდეგი პირობებით:
- დავფარავთ მიმდინარე სახელფასო დავალიანებებს;
- დავფარავთ ძველი ინვესტორის დავალიანებებს;
- მომავალი 2 წლის განმავლობაში კლუბის ბიუჯეტისთვის გამოვყოფთ მინიმუმ $6 მილიონს;
- მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს სხვა გაუგებარ არაღიარებულ, აღიარებულ თუ წარმოშობილ დავალიანებებს.
ამ შემთხვევაში 1 სამუშაო კვირის განმავლობაში მზად ვართ დავიწყოთ კლუბის გადაფორმების და მართვის პროცესი“.