ალი აბდელაზიზი - ნურმაგომედოვს მომდევნო 11 თვეში ტიტულის სამჯერ დაცვა სურს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქი წონის მსოფლიოს ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი (27-0) მოუთმენლად ელოდება ოქტაგონზე დაბრუნებას.
რუსი მებრძოლი კონორ მაკგრეგორთან მომხდარი ინციდენტის გამო შვიდ თვიან დისკვალიფიკაციას იხდის. ხაბიბის აგენტი ალი აბდელაზიზი აცხადებს, რომ ნურმამაგომედოვს ტიტულის დაცვა მომდევნო 11 თვის განმავლობაში სამჯერ სურს. მას ბრძოლების ჩატარება სექტემბერში, დეკემბერში და აპრილში უნდა. უკვე ცნობილია, რომ დაუმარცხებელი ჩემპიონი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველ ბრძოლას 7 სექტემბერს, აბუ დაბიში, „იუ ეფ სი 242-ის“ (UFC 242) ფარგლებში, დასტინ პორიესთან გამართავს.
დაღესტნელ სპორტსმენს ლეგენდარულ ჟორჟ სენტ პიერთან დაპირისპირებაც სურს. 37 წლის კანადელმა (26-2) რამდენიმე თვის წინ ხაბიბს გამოწვევაზე შერეული ორთაბრძოლებიდან წასვლით უპასუხა. ამის მიუხედავად, ხაბიბის აგენტი და თავად ხაბიბი დაუღალავად ცდილობენ სენტ პიერის ბრძოლაზე დათანხმებას. სენტ პიერი ოქტაგონზე ბოლოს 2017 წლის ნოემბერში გამოჩნდა, როდესაც საშუალო წონითი კატეგორიის ტიტული მაიკლ ბისპინგის დამარცხებით მოიპოვა. „ი ეს პი ენმა“ (ESPN) ალი აბდელაზიზს შეკითხვა კონორ მაკგრეგორთან დაკავშირებითაც დაუსვეს.
„სიმართლე რომ გითხრათ, კონორმა ჯერ უნდა დაიმსახუროს ხაბიბთან რევანში. მან ჯერ ჯასტინ გეჯის, ტონი ფერგიუსონის ან კავბოის დამარცხება უნდა სცადოს. ამ პიროვნებას დიდი ხანია არ მოუგია და ხაბიბთან ბრძოლაზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ადრეა“, – აღნიშნა აბდელაზიზმა.