ალექსეი საფონოვი - „რუბინმა“ და ბათუმის „დინამომ“ ყველაფერი ლამაზად გააკეთეს #1TVSPORT
ალექსეი საფონოვი - „რუბინმა“ და ბათუმის „დინამომ“ ყველაფერი ლამაზად გააკეთეს #1TVSPORT

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა ალექსეი საფონოვმა „რბ სპორტთან“ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შესაძლო გადასვლაზე გააკეთა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ყაზანის „რუბინსა“ და მის ქართველ პარტნიორებს შორის ურთიერთობა არ არეულა.

„მგონია, რომ „რუბინმა“ ხვიჩა „დინამოში“ შემთხვევით არ გაუშვა – ამას ვერასდროს დავიჯერებ. კლუბების ხელმძღვანელები ერთმანეთს მრავალი წელია იცნობენ. არ გამიკვირდება, თუ ახლა სხვადასხვა სქემებს გამოიყენებენ.

მაგალითად, ანდრეი კანჩელსკისი მოსკოვში ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ჩამოვიდა, ხელშეკრულება გააფორმა „სპარტაკთან“ და მეორე დღეს, მენეჯერის, გრიგორი ესაულენკოს მეშვეობით, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაემგზავრა. ამ კლუბთან კავშირი ჰქონდათ „სპარტაკის“ ხელმძღვანელებს. ახლა რუსეთში პრობლემებია: უცხოური ბარათები აქ არ მუშაობს, ჩვენი იქ არ მუშაობს. ამიტომ გზები უნდა მოვძებოთ.

„რუბინმა“ და ბათუმის „დინამომ“ ყველაფერი ლამაზად გააკეთეს. გასაგებია, რომ იტალიელები კვარაცხელიას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ. „რუბინს“ კი ხვიჩას ვერ წაართმევენ, ეს იგივეა, არშავინი დღისით მზისით „ზენიტისთვის“ რომ წაეყვანათ. დამიჯერეთ, „რუბინის“ ინტერესები დაცული იქნება. „ნაპოლი“ კი ხვიჩაში 8 მილიონ ევროს იხდის.

„რუბინთან“ დიდი ხანია ქართველი აგენტები მუშაობენ. იქ თამაშობდნენ სალუქვაძე, კვირკველია, დავითაშვილი და სხვა ფეხბურთელები. გამონათქვამიც არის: „ქართველის გარეშე „რუბინი“ არ არსებობს“. რა თქმა უნდა, იმოქმედა იმან, რომ ხვიჩაზე საქართველოში ზეწოლა იყო, რადგან ის რუსეთში თამაშობდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ „რუბინი“ გადააგდო. აგენტი არ მოატყუებს კლუბს და ერთი ტრანსფერის გამო მასთან ურთიერთობას არ გაწყვეტს. თუ ადამიანი ამას გააკეთებს, მასთან თანამშრომლობას სხვა კლუბებიც შეწყვეტენ“, – განაცხადა საფონოვმა.