ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი ვლადიმირ მილოვი - პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული, როგორც საქართველოს ნაწილი
ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი ვლადიმირ მილოვი - პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული, როგორც საქართველოს ნაწილი

პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული, როგორც საქართველოს ნაწილი, – ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი ვლადიმირ მილოვი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ნავალნის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოში დაიწყო დისკუსია, თუ რამდენად განსხვავდება ის პუტინისგან. „მისი განცხადებების ნაწილზე საქართველოს მიმართ, მან ბოდიში მოიხადა, თუმცა ნაწილზე ამბობს, რომ იგივე პოზიციაზე რჩება. შეიცვალა, მისი პოზიცია თუ არა? მესმის, რომ მის ნაცვლად გთხოვთ პასუხს, თუმცა რა არის მისი პოზიციები დღეს სამეზობლოს მიმართ, ვხედავთ ცვლილებას?“ – „ამერიკის ხმის“ ამ შინაარსის შეკითხვას უპასუხა მილოვმა.

„როცა საქართველოში, 2008 წლის ომი მოხდა, მე და ის ძალიან ღიად ვჩხუბობდით ინტერნეტში ამ საკითხზე. ჩვენ ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთი მხრივ, მისი პოზიცია ამის შემდეგ ძალზედ შეიცვალა. ის, რა თქმა უნდა, ეთანხმება და მე ამას ხშირად ვახმოვანებ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის საზღვრების გადახედვა მიუღებელია. ეს მისი პრინციპული პოზიციაა. საჭიროა ასევე მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინება, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა შემთხვევით არ წააგო არჩევნები. საქართველოში ვხედავდით ავტორიტარულ ტენდენციებს.

„ფრიდომ ჰაუსმა“ 2008 წელს, საქართველოს რეიტინგები შეამცირა, იმიტომ რომ ზღუდავდნენ ოპოზიციას. ნავალნიმ ამაზეც გააკეთა კომენტარი. სააკაშვილს ბევრი აღიქვამს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლს, მაგრამ მაშინ ეს ასე არ გამოიყურებოდა. გვახსოვს, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში შეხვდებოდა ახალ წელს. 2006 წელს თბილისში ვიყავი, სააკაშვილსაც შევხდი. მაშინ განიხილებოდა ასევე ძალადობრივი სცენარები ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად. მე და ნავალნის ეს არ მოგვწონდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობრივ სცენარებს. ამიტომ, აქ სიტუაცია უნდა განვიხილოთ ისე, როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში. თუმცა ნათელია, რომ თავად რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს. არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ სვამს საზღვრების უცვლელობის პრინციპს. ჩვენ ყველა, პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უნდა იყოს განხილული როგორც საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც“, – აცხადებს ვლადიმირ მილოვი.