ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის ქალაქებში მასობრივი ხანძრები შესაძლოა, პარტიზანული ომის დაწყებას მოწმობდეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ რუსეთის ქალაქებში მასობრივი ხანძრები შესაძლოა, პარტიზანული ომის დაწყებას მოწმობდეს. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, არესტოვიჩმა ბრიანსკში გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთში გახშირდა თავდასხმები სამხედრო კომისარიატებზე, რაც, მისი აზრით, შესაძლოა, პარტიზანული ომის ნიშნები იყოს.
„უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში იწვის სამხედრო ბაზა, სამხედრო კომისარიატები იწვის, უმაღლესი საამხედრო სასწავლებლები. საწყობები, გუბერნატორების სახლები იწვის. მე მაქვს შეგრძნება, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო. განსაკუთრებით, ეს ეხება სამხედრო კომისარიატებს, ხალხს იქ არ უნდა და ეწინააღმდეგება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
არესტოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო კომისარიატებში ახალწვეულებისა და რეზერვისტების პირადი მონაცემები ინახება.
გუშინ რუსეთის ქალაქ ბრიანსკის ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. განხორციელდა მიმდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია.