ალექსეი ანდრონოვი - ყველამ ნახა, რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა, იქ არავინ გველოდება #1TVSPORT
ალექსეი ანდრონოვი - ყველამ ნახა, რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა, იქ არავინ გველოდება #1TVSPORT

ალექსეი ანდრონოვი პირველი ცნობილი რუსი სპორტული კომენტატორია, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა ღიად და დაუფარავად გააპროტესტა. უკრაინულ გამოცემა Fanday.net-ს ინტერვიუში ისიც თქვა, რომ იგივე 2008 წელს რუსულმა ჯარმა საქართველოშიც ჩაიდინა.

„მრავალი წელია პუტინს ვეღარ ვუგებ. არცერთ არჩევნებზე არც მისთვის მიმიცია ხმა და არც მისი პარტიისთვის. მისი ვექტორი არ მომწონს. არასოდეს ვეთანხმებოდი მის პოზიციას, რომ სსრკ-ს დაშლა ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. მიმაჩნია, რომ სსრკ ყოველთვის იყო ხელოვნური, წვრილი ძაფით შეკერილი ქვეყანა და ეს ძაფი გაწყდა. სსრკ-ს დაშლა სიკეთეა და არა კატასტროფა. გაჩნდა დამოუკიდებელი ქვეყნები, ხალხს ეროვნული ცნობიერება გაუჩნდა. ამიტომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას. ვისაც თვალი აქვს, ის ცხადად ხედავდა, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა, ხოლო 2014 წელს – ყირიმში. წასვლა რომ მომიხდეს? საცხოვრებლად საქართველოს ავირჩევდი, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა იქ იმდენი რუსი წავიდა, რომ აუტანელ ტვირთად შეიძლება გადაიქცეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსაც საკმაოდ სფეციფიკური დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ 2008 წლის შემდეგ. იქ არავინ გველოდება“, – ამბობს ანდრონოვი.

კიევისა და თბილისის „დინამოების“ დიდი ხნის გულშემატკივარი ანდრონოვი 2016 წლიდან Viasat Sport-ის კომენტატორია. ამბობს, რომ 24-მა თებერვალმა მისი ცხოვრება მკვეთრად შეცვალა.

„სახლში ღამის 3 საათზე ღამის გადაცემის შემდეგ მივედი. წავიხემსე და ხუთზე დაძინებას ვაპირებდი. ძილის წინ ტელეგრამი გავხსენი და – ეს ჩემთვის შოკი იყო. საკუთარ თავზე თუ შევიგრძენი ომი? ეს სიტყვა ჩვენთან არ უნდა თქვა, რადგან შეიძლება პრობლემები შეგიქმნას. ამაზე პირველივე კვირას ყველა რუსული მედია-საშუალება გააფრთხილეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვალა. რუსეთში (უფრო ზუსტად, მოსკოვში) ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მხარს 30-35 პროცენტი უჭერს, 40 პროცენტისთვის უბრალოდ კომფორტულია ისე იყოს, თითქოს, არაფერი ესმის. მათ თავშია ის, რასაც ტელევიზორი გვიტენის. ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი ნამდვილი ტრაგედიაა. თითქმის ყოველ ღამე რომელიმე უკრაინელ მეგობართან ვკონტაქტობდი. მარიუპოლში მომხდარ კოშმარებზე ვისაუბრეთ, რადგან ერთი ჩემი მეგობარი თითქმის მთელი თვე სარდაფში იყო, მეორე კი ქალაქგარეთ, სანამ რუსულმა ჯარებმა კიევიდან არ დაიხიეს. ჩემი პოზიცია პირველივე დღიდან დავაფიქსირე – ამ ხალხს (რუსეთის ხელისუფლებას) შეეძლო შედეგებზე ეფიქრა. კოშმარულ ფიქრებშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ კიევსა და ხარკოვში სროლას დაიწყებდნენ. არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ შეიძლება რაიმე გეოპოლიტიკურ ამბიციას შეეწიროს. შოკში ვარ იმით, რასაც საკუთარი თვალით ვუყურებ“, – აცხადებს ანდრონოვი.

მისი თქმით, ამ პოზიციის გამო დაკითხვაზეც დაიბარეს.

„საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე დამიბარეს, ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩემი ინტერვიუ იური დუდთან, რომელსაც ერქვა „ვერავინ მაიძულებს უკრაინა გადავიყვარო“. გამომძიებელს ვკითხე: „ახლა ეს ფრაზა დანაშაულია?“. მან მიპასუხა: „ის, ვინც შენზე განცხადება დაწერა, ასე ფიქრობს“. ეს კაცი ადვოკატი, და როგორც საკუთარ თავს უწოდებს, „საზოგადო მოღვაწეა“. ის ნავალნის ერთ-ერთი მთავარი ბრალმდებელი და რეალურად, პროფესიონალი დამსმენია. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება. უკრაინა მიყვარს და მეყვარება“.

2020 წლის ოქტომბერში ანდრონოვმა საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ის ნახევარფინალში ბელარუსთან გამარჯვება ემოციურად, ქართულ ენაზე მიულოცა და საქართველოს მიმართ სიმპათია ღიად დააფიქსირა.

„საქართველოს გაუმარჯოს! მე ქართულ ფეხბურთს ხუთი წლიდან ვგულშემატკივრობ. საქართველოს ნაკრებს კი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი პირველად აქვს“, – ამბობდა ალექსეი ანდრონოვი.