ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი ოქროს მედლით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ალექსანდრიაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კიდევ ორი ოქროს მედალია.
72 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ვიხილეთ – რამაზ ზოიძემ ოთარ აბულაძე დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს შეჯიბრებაზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ასევე ტურნირის გამარჯვებული გახდა გელა ბოლქვაძეც (82 კგ), მან ყირგიზ ტალანტბეკოვს სძლია.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი კიდევ სამი სპორტსმენი – იური ლომაძე, საჩინო დავითაია, შმაგი ბოლქვაძე (სამივე 77 კგ) შეჯიბრებას უმედლოდ დაემშვიდობნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ალექსანდრიაში საქართველოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს – 87 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა გობაძე ჩემპიონი გახდა, ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ.
მთლიანობაში, ჩვენი გუნდის ანგარიშზე 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. საქართველოს ნაკრებმა ალექსანდრიაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.