ალექსანდრე იაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორედ ვითამაშოთ #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორედ ვითამაშოთ #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა 21-წლამდელთა ევრო 2025-ის პლეიოფის წილისყრაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიას შეხვდება.

„ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ვულოცავ იმ უდიდეს წარმატებას, რასაც 21-წლამდელთა ნაკრებმა მიაღწია. დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად გავედით პლეიოფის ეტაპზე, რაც დიდი მიღწევაა. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ უდიდესი გამოცდილება მივიღეთ შარშან, როდესაც ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ და ამ დიდ ტურნირზე პირველად ვითამაშეთ.

ხორვატიის ნაკრებს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ამ ნაკრებმა ევროპის ბოლო სამ ჩემპიონატზე ითამაშა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მეტოქედ ვინ შეგვხვდებოდა. რა თქმა უნდა, მზად ვართ ბრძოლისთვის და ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ.

დარწმუნებული ვარ, რამაზ სვანაძე, მისი სტაფი და გულშემატკივრები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისტორიული შედეგი გავიმეოროთ და ევროპის ჩემპიონატზე მეორედ, უკვე სპორტული შედეგით მოპოვებული საგზურით ვითამაშოთ.

პირველი მატჩი 15 ნოემბერს საქართველოში გაიმართება, ხოლო 19-ში ხორვატიაში ვითამაშებთ. გულშემატკივრის მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზს კიდევ ერთხელ გავუსვამ – დავამტკიცეთ, რომ მათთან ერთად საკუთარ მოედანზე ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება შეგვიძლია“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.